გაზსადენ ” ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქების ბრალდებით გერმანიამ უკრაინელი მოქალაქის დაპატიმრების ორდერი გასცა

გერმანული გამოცემების Süddeutsche Zeitung-სა და Die Zeit-ის ცნობით, გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადის” (Nord Stream) აფეთქების საქმეზე ვინმე უკრაინელ ვლადიმირ ზ.-ის დაკავების ორდერი გასცა.
“ნასტოიაშჩეე ვრეემიას” ინფორმაციით, აფეთქების საქმეში ბრალდებულებია სამი უკრაინელი მყვინთავი (დაივინგის) ინსტრუქტორი. მაგრამ ორდერი გაიცა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე-ვლადიმერ ზ.-ზე. გამომძიებლების თქმით, მან და მისმა თანამზრახველებმა გაზსადენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებები მიამაგრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახთან ერთად ვარშავის გარეუბანში ცხოვრობდა. მისი დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ ივნისში გაიცა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ვლადიმერ ზ. უარყოფს თავის დანაშაულს.
გაზსადენების აფეთქების საქმეში ექვსი ადამიანი ფიგურირებს: ერთი ქალი და ხუთი მამაკაცი, მათ შორის ვლადიმერ ზ. გამომძიებლების თქმით, 2022 წლის სექტემბერში მათ დატოვეს ჰო-დუნის პორტი და იახტა “ანდრომედათი” როსტოკში გაემართნენ. პროკურატურა აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებმა რამდენიმე კუნძული გაიარეს და შემდეგაც ისინი კვლავ როსტოკში დაბრუნდნენ. ამ მოგზაურობის დროს მყვინთავებმა (დაივერებმა) სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები მიამაგრეს მილსადენებზე.
გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ის ოთხიდან სამი ხაზი 2022 წლის სექტქმბრის ბოლოს დაზიანდა ძლიერი აფეთქებების შედეგად. აფეთქების ადგილის გამოძიებაში მონაწილე კომპანია Blueye Robotics-ის თანახმად, 80 მეტრის სიღრმეში მილსადენის მრავალმეტრიან მონაკვეთზე მილები ან არ არის, ან მათი ნამსხვრევები ფსკერზეა მიმოფანტული.
დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს.