გაზსადენის გაფართოების გლობალური პროექტი ჩიხში შედის

საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული პროექტების განვითარება ჩიხში შედის. ამის მიზეზი გარკვეულწილად რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ შექმნილი ვითარებაა, რამაც გაზის მიწოდების მხრივ ევროპას გარკვეული პრობლემა შეუქმნა. ის, რომ 2030 წლისთვის სამხრეთ გაზის დერეფანი გაფართოვდება, უკვე საეჭვოა, შესაბამისად, საქართველოს სარგებელიც შემცირდება. როგორც ქართველი ენერგეტიკოსები საუბრობენ, ეს ზოგადი ევროკავშირული პოლიტიკა, რაც არაერთ ქვეყანას აზარალებს. პირველ რიგში აზერბაიჯანს, რადგან დიდი ალბათობაა, ელენჯი ტერმინალის თუ გაზსადენების გაფართოების პროექტები ვერ განხორციელდეს.
კითხვის ნიშნები განსაკუთრებით მას შემდეგ დაისვა, რაც 20 ივნისს, შუშის გლობალურ მედიაფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპა გააკრიტიკა.
„მნიშვნელოვანია, ბოლო მოეღოს თვალთმაქცობას” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დეკარბონიზაციის კუთხით დასავლეთის გეგმების კომენტირებისას.
ილჰამ ალიევმა ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ევროპას ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოცულობები მიაწოდოს, თუმცა როგორც ჩანს, ევროპის ქვეყნების სურვილი მიიღონ მეტი გაზი, კონკრეტული პროექტების დაფინანსებაში არ ითარგმნება. უფრო მეტიც, ევროკავშირს გაცხადებული აქვს წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა, რაც გაზის მოპოვება/ტრანსპორტირების გაფართოების გეგმებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
„მათ უნდათ, რომ სამხრეთ გაზის დერეფანი გავაფართოოთ, 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე, საუბარია ტრანსანატოლიურ მილსადენზე. ასევე ტრანსადრიატიკული მილსადენის გამტარუნარიანობის 10-დან 20 მლრდ კუბ. მეტრამდე გაზრდაზე…. მათ სურთ რომ ამ მიმართულებით დამატებით მილიარდების ინვესტიცია ჩავდოთ, მაშინ როდესაც, ამბობენ, რომ ათ წელიწადში, ან უფრო მცირე დროში, ევროკავშირს გაზი აღარ დასჭირდება. ჩვენ შეშლილები უნდა ვიყოთ, რომ მილიარდები ჩავდოთ გაზში, რომელიც მათ არ აღარ დასჭირდებათ. ამ დროს გვიყურებენ და გვეკითხებიან სად არის ჩვენი გაზი? ჩემი გზავნილია შეწყვიტეთ ეს თამაში”, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ალიევის ხისტი დამოკდიებულება შეუმჩნეველი არ დარჩათ ქართველ ენერგეტიკსოებს, რომლებიც აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოზიცია სავსებით სწორია, ვინაიდან არ სურს ფული დახარჯოს იმაში, რასაც მერე გარანტირებულად ვერ გაყიდის.
ასეთი მოსაზრებისაა ენერგეტიკის საკითხებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფის წევრი ლიანა ჯერვალიძე, რომლის შეფასებითაც, ევროპის პოლიტიკა თუ არ შეიცვალა, გაზს პერსპექტივა არ ექნება.
„ევროპას თუკი გაზის მიღება სურს, უნდა გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯიც, დაიდოს შესყიდვის კონტრაქტები და გაფართოების ნაწილშიც ევროპული კომპანიები წილში შევიდნენ. ენერგოპოლიტიკის თვალსაზრისით, ჯერჯერობით მწვანე განვითარება და მწვანე გადასვლა არის წამყვანი ევროკავშირის ბაზარზე. განცხადებული პოლიტიკაა და 2040 წლისთვის ევროკავშირი აპირებს მოხმარებიდან ნახშირწყალბადების ამოღებას. 16 წელიწადში მილსადენის გაფართოება, გაზის მოპოვება აზერბაიჯანმა რომც დაიწყოს, შეიძლება ჩადებული ინვესტიციების ამოღებაც ვერ მოასწროს. ამიტომ ალიევის განცხადება არის აბსოლუტურად სწორი და კორექტული. ამ პროექტის პერსპექტივა არ მესმის. რა გამოდის, აზერბაიჯანმა დახარჯოს მილიარდები და გაზის მოხმარება იქნება თუ არა ევროკავშირის ბაზარზე, არ იცოდეს. ევროკავშირის საერთო ინტერესების პროექტებში (ყოველწლიურად ქვეყნდება) თუ ჩაიხედავთ, მაგალითად, 2023 წლის პროექტში, გაზსადენის მშენებლობა, დაფინანსება და სხვა დეტალები, ნახსენები არ არის, მათ შორის, არც შავი ზღვის კაბელის მასშტაბური პროექტი, რაც კარგვეული ეჭვის საფუძველს იძლევა”, – განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ.
მისი შეფასებით, ასეთივე დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს არა მხოლოდ აზერბაიჯანის, სხვა ქვეყნების მიმართაც, მათ შორის, ყატართან.
„გაზის ნებისმიერი მწარმოებელი ხანგრძლივ, მინიმუმ 15-20-წლიანი კონტრაქტებს ითხოვს. ეს დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული და თუ არ გაქვს რესურსი ამოიღოს ინვესტიცია, გარკვეული პრობლემა იჩენს თავს. ეს არის ზოგადი ევროკავშირული პოლიტიკა, რაც ამ ეტაპზე ევროკავშირის ინდუსტრიულ განვითარებას დიდ ზიანს აყენებს. ამიტომ აბსოლუტურად სწორია ალიევი, როცა ხისტ პოლიტიკას ავლენს, არავის უნდა ფული ხარჯოს იმაში, რასაც მერე გარანტირებულად ვერ გაყიდის”, – დასძინა ჯერვალიძემ.
მისივე შეფასებით, გარკვეული რისკი იკვეთება იმ მხრივაც, რომ საქართველოს სარგებელიც შემცირდება, თუმცა შეიძლება ეს მოცემულობა შეიცვალოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, თუკი -ს არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, რომელსაც მწვანე ენერგეტიკის მიმართ განსხვავებული ხედვა აქვს.
„ენერგეტიკული კუთხით, თუ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენით, ყაზახური და თურქმენული ნავთობის გადატვირთვა არ მოხდება, თუ ამ ნავთობს მომხმარებელი არ ეყოლება, რასაკვირველია, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია, როგორც ასეთ, დაზარალდება. ეს ამ წუთში ჩანს ასე, ვერ ვიტყვით, რომ გარანტირებულად ასე გაგრძელდება. ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში მწვანე ენერგიას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, მაგრამ ეს გავლენა შეიცვლება, თუკი ტრამპი მოვა ამერიკის სათავეში. ვინაიდან ტრამპი ადამიანური ფაქტორის გავლენას კლიმატურ ცვლილებებზე განსახავებულად აღიქვამს. ის დარწმუნებულია, რომ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან არაფერ შუაშია, ამიტომ ტრამპი ნავთობისა და გაზის მოხმარების და ექსპორტის მომხრეა. თუ აშშ შეიცვლება მწვანე ენერგეტიკის პოლიტიკა, აქაც შეიცვლება მოცემულობა, რადგან რუსული ბაზრის ჩახსნის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე შეიქმნა არასტაბილური ვითარება, მათ გარანტირებულად სჭირდებოდათ იაფი რუსული გაზი, რომელიც უზრუნველოყოფდა ეკონომიკის, სხვადასხვა მრეწველობის განვითარებას, განსაკუთრებით გერმანიაში. თანდათან უნდა მომხდარიყო გადასვლა მწვანე ენერგეტიკაზე. როდესაც რუსული და უკრაინული გაზის მიწოდება შეიზღუდა, ევროკავშირი გადავიდა ძირითადად თხევადი გაზის იმპორტზე, რომელიც გაცილებით ძვირია, ვიდრე რუსული გაზი ღირდა თავის დროზე, ბუნებრივია, მის ეკონომიკურ განვითარებას სერიოზული პრობლემა შეექმნა, არ ჩამოქცეულა, მაგრამ ვერც დინამიურად ვითარდება”, – აღნიშნა ლიანა ჯერვალიძემ.
ანალოგიური მოსაზრებისაა ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი, რომლის განცხადებითაც, თუ ევროპა ცალსახად არ იტყვის, რომ მას აზერბაიჯანიდან გაზი სჭირდება, ელენჯი ტერმინალის თუ გაზსადენების გაფართოების პროექტები არ განხორციელდება.
„ცოტა ხნის წინ, ევროკომისიამ დაამტკიცა ენერგოპოლიტიკა. დოკუმენტი ითვალისწინებს იმას, რომ 2030 წლისთვის გაერთიანების ქვეყნების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 40% განახლებადი და ატომური წყაროებიდან წარმოებულ ენერგიაზე მოდიოდეს. აქედან გამომდინარეა ევროკავშირის პოლიტიკაც ბუნებრივი აირის მიმართ. უნდა შევხედოთ სტატისტიკასაც. 2022 წლის შემდეგ, როდესაც შეიჭრა ში, ევროპაში ბუნებრივი აირის მოხმარება მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა, უფრო ოპტიმალური გახდა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა თხევადი ბუნებრივი აირის წილი ჯამურ მოხმარებაში. ზოგადად, ენერგიის მოხმარების ბაზარი იცვლება და მიდის ტენდენცია, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან (მზე, ქარი, წყალი) მიღებული ენერგიის წილი. ამ კუთხით იხვეწება და ეფექტიანი ხდება ტექნოლოგიებიც. ეს ერთ-ორ წელიწადში არ მოხდება,მაგრამ ტენდენცია მიდის, რომ პრიორიტეტი ხდება განახლებადი ენერგია და გათხევადებული გაზი, რომელიც უფრო მოსახერხებელია ლოგისტიკის კუთხითაც”, – განმარტა არჩილ მამათელაშვილმა „ბიზნეს მედია ჯორჯიასთან” სატელევიზიო ინტერვიუში.
არსებული გეგმით, ევროპის ქვეყნები 2024 წელს 13 მლრდ კუბ. მეტრ ბუნებრივ გაზს მიიღებენ, ეს ევროპის ჯამური მოხმარების დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია. აზერბაიჯანს განცხადებული აქვს, რომ სურს მოცულობების გაორმაგება. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ 2021 წელს ევროპას 8 მლრდ კუბ.მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდებოდა, 2027 წლისთვის მიწოდება 16 მლრდ კუბ. მეტრამდე გაიზრდება. უფრო მეტი მოცულობით აზერბაიჯანული გაზის ევროპისკენ გადამისამართებას გაზსადენების და ტრანსადრიატიკული მილსადენის არსებული სიმძლავრე აფერხებს. ტრანსანატოლიურ გაზსადენის გამტარუნარიანობა 16 მლრდ კუბ.მეტრია, ტრანსადრიატიკული გაზსადენის – 10 მლრდ.კუბ.მეტრის.
„ტრანსანატოლიურ მილსადენის და ტრანსადრიატიკული მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის ნამდვილად დიდი თანხებია საჭირო, შესაძლოა ეს იყოს ასეულობით მილიონი, შეიძლება მილიარდებიც. ამიტომ ალიევის წუხილი გასაგებია წმინდა კომერციული თვალსაზრისითაც. საერთოდ, ვფიქრობ, ევროპა ძალიან კარგი მომხმარებელია აზერბაიჯანისთვის როგორც ფასის, ისე სტაბილურობის კუთხით და ამ ურთიერთობას არ ახლავს რაიმე პოლიტიკური ფასის გადახდა. ევროგაერთიანებას გაზსადენების გაფართოებისთვის რაიმე ოფიციალური ვალდებულება არა აუღია და ეს გასაგებიცაა – ერთის მხრივ ეს იქნება ახალი ვალდებულების აღება წიაღისეული საწვავის პროექტზე და მეორეს მხრივ, განახლებად ენერგიაზე აქცენტი. ალიევი ხედავს, ამ ტენდენციას. მაშინ საიდან უნდა მოხდეს თანხების მოძიება? მე, პირადად, ეჭვი მეპარება, რომ აზერბაიჯანმა მხოლოდ თავად გაიღოს დამატებითი თანხა და ეს ჩანს კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ აზერბაიჯანი გააგრძელებს მიწოდებას და სიმძლავრის სრულ ათვისებას, თუმცა გაფართოებაზე საუბარი ნაადრევია”, – მიიჩნევს არჩილ მამათელაშვილი.
თუმცა ასე არ ფიქრობს ენერგეტიკოსი, ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთის” დირექტორი მურმან მარგველაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამხრეთი დერეფნის პროექტს საფრთხე არ ემუქრება.
„არ მესმის, რატომ არ უნდა გავიდეს საკმარისი რაოდენობის გაზი, როცა მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე აზერბაიჯანს ამის რესურსი აქვს. ალბათ, ალიევს სურს, რომ ევროკავშირმა ჩადოს ამაში ინვესტიცია, რათა ინფრასტრუქტურული განვითარება მოახდინოს და პროექტის მასშტაბი გაზარდოს. რაც არ უნდა იყოს, საქართველოს სარგებელი არ შეიცვლება, გატარების საფასური სტანდარტული 5%-ია, რასაც საქართველო მიიღებს. რაც მეტი გაივლის, მეტ მოგებას მიიღებს საქართველო, მოთხოვნა კი არ შემცირდება, პირიქით, პერპექტივა ამ კუტხით გაცილებით დიდი და მასშტაბურია. ძალიან აქტიური დიპლომატია ჰქონდა აზერბაიჯანს პროექტის მიმართ. ეტყობა, მეტი ინვესტიცია უნდა, მოლაპარაკების საგანია, ყველა ხელშეკრულება დეტალურად არ არის გასაჯაროებული, ამიტომ სუღრმისეულად ვერ განვიხილავ, არ მგონია, რომ პროექტის განხორციელებას საფრთხე დაემუქროს, უბრალოდ, დროის ამბავია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
წყარო: რეზონანსი

ასევე დაგაინტერესებთ