,,გაზრდილ ხარჯებს პროდუქტი ვერ იტანს, შეიძლება, ფასებს გადავხედოთ” – “გორგიას” დირექტორი

“გორგიას” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიას ლოგისტიკური ხარჯები გაეზარდა. როგორც თორნიკე გურული BMG-სთან აღნიშნავს, ფასები ჯერ არ გაზრდილა, თუმცა პროდუქციის გაძვირება მოსალოდნელია.
“კურსი შეიცვალა, ლოგისტიკური ხარჯები გაიზარდა. გაზრდილ ხარჯებს პროდუქტი ვერ იტანს. მომწოდებლებთან მოლაპარაკებებით, ვცდილობთ, ფასები შევინარჩუნოთ. თუ კურსი მკვეთრად მოიმატებს, იძულებული ვიქნებით, ფასები დავაკორექტიროთ”, – აცხადებს თორნიკე გურული.
თორნიკე გურულის თქმით, იანვარ-ივნისში გაყიდვები 20%-მდე გაიზარდა. მთავარი მომწოდებელი კი თურქეთია.
“საქართველოში მასალებს ნაკლებად ვაწარმოებთ. ძირითადად, უცხოეთიდან შემოდის. მთავარი მომწოდებელი თურქეთია, რომელსაც ჩინეთი მოსდევს. ინდოეთი, როგორც ფილების მიმართულების ქვეყანა, გააქტიურდა. იმპორტი ცენტრალური ევროპიდანაც გვაქვს. რაც შეეხება გაყიდვებს. ველით, რომ გაიზრდება. თუ თბილისს, ბათუმსა და რეგიონებს დავაკვირდებით, მშენებლობები მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს სარემონტო პროდუქცია მომავალშიც დასჭირდება. მოთხოვნა 20%-მდე გაიზრდება”, – აღნიშნავს თორნიკე გურული.
Galt&Taggart-ის მონაცემებით, სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი 6 წელში 2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მასალების იმპორტი ადგილობრივ წარმოებაზე მეტად იზრდება.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ