გაზრდილი ფასები და გაყიდვები – როგორია მოთხოვნა “თოლიას” ნაყინზე?

ნაყინის მწარმოებელი კომპანია „თოლია“ მიმდინარე სეზონზე როგორც გაყიდვების, ისე ფასების ზრდის შესახებ აცხადებს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, 2024 წელთან შედარებით, წელს გაყიდვები 15%-ით არის გაზრდილი. ამასთან, პროდუქციაზე ფასებიც საშუალოდ 15%-ით გაძვირდა, რაც ნედლეულის ფასის მატებით არის განპირობებული.
„წინა წელთან შედარებით, გაყიდვები 15%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 15%-ით ფასების კორექცია მოგვიწია, რისი მიზეზიც გაძვირებული ნედლეულია. თუმცა ფასის ზრდა მხოლოდ გარკვეულ ნაყინის სახეობებს შეეხო“, – აღნიშნა ლომთაძემ.
მისი თქმით, განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა საოჯახო ნაყინზე, რაც გარკვეული დროით პროდუქტის მიწოდების შეფერხების მიზეზიც გახდა. მენეჯერის განცხადებით, შეფერხება მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა და პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
კომპანია ქსელის გაფართოებას აგრძელებს. მიმდინარე სეზონზე „თოლიამ“ 4 ახალი ობიექტი – ბათუმში, ქობულეთში, გორში და თბილისში დაამატა. წლის ბოლომდე კი დედაქალაქსა და რეგიონებში კიდევ 3 ახალი ფილიალის გახსნაა დაგეგმილია.
კომპანია “თოლია” ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს და ნაყინის დაახლოებით 60-მდე სახეობას აწარმოებს. „თოლიას“ სანაყინეების ქსელი ქვეყანაში 28 ობიექტითაა წარმოდგენილი თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.