გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 2 კვირაში საახალწლო შეკვეთების მიღებას შევაჩერებთ, – – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელმა თეა ედიშერაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ ნუგებზე მუშაობს, ხოლო ახალი წლის შემდეგ შოკოლადების წარმოებასაც განაახლებს.
“საახალწლო შეკვეთების მიღება უკვე დავიწყეთ. ძირითადად ჩვენი მომხმარებლები, ამ ეტაპზე, კორპორატიული სეგმენტია. საახალწლოდ და საშობაოდ ყოველთვის ნუგებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქცია ლიმიტირებულია, კომპანიები წინასწარ გვიკავშირდებიან. გაყიდვების მხრივ უპირობო ლიდერი საახალწლო პერიოდია. საშობაოდ ყველაზე პოპულარულია ციტრუსის ნუგა, თუმცა ყველა სახეობას თავისი მომხმარებელი ჰყავს.
გარდა ამისა, ჩვენი ნუგები შედის სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში, სადაც მომხმარებლებს წლის ნებისმიერ პერიოდში შეუძლიათ შეძენა. ამასთან, ჩვენ ვპარტნიორობთ ტურისტულ კომპანიებთან, რომლებსაც ტურისტები საქართველოში ჩამოჰყავთ. უცხოელი სტუმრები აქ სინჯავენ ჩვენს პროდუქციას და შემდეგ უკვე სხვადასხვა ქვეყანაში საჩუქრებად მიაქვთ. ცოტა ხნის წინ დუბაიდან გვქონდა ძალიან კარგი შეკვეთა, ასევე იტალიიდან და საფრანგეთიდან. იმედი გვაქვს, რომ ექსპორტზე ძალიან მალე ოფიციალურადაც გავალთ, თუმცა მანამდე გვსურს, რომ ადგილობრივი ბაზარი სრულად ავითვისოთ. ყველაფერი მზადდება ხელით და ძალიან დიდ შრომასთან არის დაკავშირებული”, – აცხადებს თეა ედიშერაშვილი.
გარდა ამისა, „შოკოჰოლიკი“ სამომავლოდ საწარმოს გახსნასაც გეგმავს, თუმცა ეს სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ კერძო ინვესტორის ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდება.
“აქამდე რაც შევქმენი, მხოლოდ საკუთარი სახსრებით გავაკეთე. მოთხოვნა დიდია და ამისთვის გაფართოებაა საჭირო. ვფიქრობთ, რომ მცირე საწარმოს გახსნის შემთხვევაში დაახლოებით, 500 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა თეა ედიშერაშვილმა.
ცნობისთვის, „შოკოჰოლიკი“ ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა და საწარმოში რამდენიმე ადამიანია დასაქმებული.