გაზრდილი ექსპორტი, შემცირებული ტურიზმი… – საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობების ერთი წელი რიცხვებში

შემცირებული იმპორტი, ვიზიტორები და მათგან მიღებული შემოსავლები, ამის პარალელურად კი გაზრდილი ექსპორტი – ასეთია ირან-საქართველოს გასული წლის ეკონომიკური ურთიერთობის მოკლე შეჯამება.

უფრო კონკრეტულად, წლიურად იმპორტი შემცირებულია თითქმის 12%-ით, ვიზიტორების რაოდენობა 17.6%-ით, ხოლო ტურისტებისგან მიღებული შემოსავლები 18%-ით. ამასთან საქართველოდან ირანში ექსპორტი გაიზარდა 6%-ით, ადგილობრივი ექსპორტი კი 14%-ით.

„ბიზნესპრესნიუსი“ სხვადასხვა უწყების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორი იყო გასული წელი ირანისა საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობაში.

ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2025 წელს ირანიდან საქართველოში იმპორტმა 251.784 მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წელს 285.054 მლნ დოლარი (წლიური კლება 12%).

საქსტატის მიხედვითვე, გასულ წელს საქართველოდან ირანში 38.793 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, 2024 წელს – 36.744 მლნ დოლარის (წლიური ზრდა 6%). ხოლო ადგილობრივი პროდუქციის ირანში გატანიდან ქვეყანამ 26.603 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2024 წელს 23.411 მლნ აშშ დოლარის (წლიური ზრდა 14%).

2025 წელს ირანიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-5 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი -26.227 მლნ აშშ დოლარი;
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით – 20.082 მლნ აშშ დოლარი;
  • რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით – 14.795 მლნ აშშ დოლარი;
  • წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად – 14.240 მლნ აშშ დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 13.970 მლნ აშშ დოლარი.

2025 წელს ირანში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი:

  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი – 8.555 მლნ აშშ დოლარი;
  • სიმინდი – 5.626 მლნ აშშ დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები – 4.913 მლნ აშშ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები – 4.499 მლნ აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი – 2.092 მლნ აშშ დოლარი.

2025 წელს ირანში ექსპორტირებული ტოპ-5 ადგილობრივი პროდუქტი:

  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი – 7.853 მლნ აშშ დოლარი;
  • სიმინდი – 5.626 მლნ აშშ დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები – 4.913 მლნ აშშ დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი – 1.685 მლნ აშშ დოლარი;
  • ხორბალი და მესლინი – 1.142 მლნ აშშ დოლარი.

ტურიზმი და მიღებული შემოსავლები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ირანელი ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 17.6%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანას ირანის 120 068 მოქალაქე სტუმრობდა, 2024 წელს – 145 670.

ხოლო დანახარჯების მხრივ, კლება 18%-ია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს ირანელი ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 124.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2024 წელს 151.1 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ფულად კაპიტალდაბანდებას და გზავნილებს, 2025 წლის ინვესტიციების მოცულობა ჯერჯერობით უცნობია, ფულადი გადარიცხვები კი გასულ წელს ქვეყნებს შორის არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ირანში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა და გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. უფლებადამცველი ორგანიზაციების დაუზუსტებელი მონაცემებით, ციხეში 24 000 მოქალაქეზე მეტია, ხოლო დაღუპულია 2500-მდე ადამიანი.

ცნობისთვის, მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ის თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც მეპატრონეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მაღაზიები დახურა. ამის მიზეზი კი, ინფლაცია და ფასების მკვეთრი რყევების გახდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…