„გაზპრომი” ევროპის ბაზრის დაკარგვისა და ჩინეთთან მიწოდების ახალი კონტრაქტების მცდელობებში წარმოების შემცირებასა და საბადოებზე ჭაბურღილების გაყინვას განაგრძობს. ინფორმაციას The Moscow Times კომპანიის ანგარიშზე დაყდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ორშაბათს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის ბოლოსთვის “გაზპრომ-ჯგუფის” მიერ გაზის წლიურმა მოპოვებამ 359 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2022 წელთან შედარებით “გაზპრომმა” წარმოების კიდევ 13%, ანუ 53,9 მლრდ კუბური მეტრი დაკარგა, ხოლო ომამდელ 2021 წელთან შედარებით გასულ წელს წარმოება 30%-ით, ანუ 156 მლრდ კუბური მეტრით დაეცა. ზოგადად, კომპანიამ შარშან 34 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც სსრკ-ის გაზის მრეწველობის სამინისტრო “გაზპრომად” გადაკეთდა, ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ “გაზპრომი” თავიდან ყოველწლიურად 600 მლრდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს აწარმოებდა. 2000-იანი წლების დასაწყისისთვის ეს მოცულობა 520 მლრდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. 2012 წელს წარმოება 500 მლრდ კუბურ მეტრს ჩამოსცდა, ხოლო ყირიმის ანექსიის შემდეგ 420 მლრდ კუბურ მეტრამდე დაეცა.
მომდევნო წლებში “გაზპრომმა” წარმოება გაზარდა და 2021 წელს მოცულობამ 515 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. თუმცა, The Moscow Times-ის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და “ევროპის გაყინვის” წარუმატებელმა მცდელობამ კომპანიას, რომელიც მსოფლიოში გაზის უდიდეს დადასტურებულ მარაგს მართავს, დამღა დაასვა.
კერძოდ, ევროპელი მომხმარებლების უმეტესობისთვის გაზის შეწყვეტით “გაზპრომმა” გაყიდვების ბაზარი დაკარგა, რომელ ბაზარზე გასვლასაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანი მოანდომა. გასულ წელს დსთ-ს არაწევრ ქვეყნებს “გაზპრომმა” მხოლოდ 69 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიჰყიდა, რაც 1985 წლის შემდეგ მინიმალური მოცულობაა, ხოლო ევროპაში მიწოდება 28 მლრდ კუბურ მეტრამდე შემცირდა, რაც 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დონეს შეადგენს.
საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის (IFRS) მიხედვით, 1990-იანი წლების ბოლოდან “გაზპრომმა” წელი სუფთა ზარალით პირველად დაასრულა, რამაც 629 მლრდ რუბლი, ანუ 7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს კომპანიის მთელ ისტორიაში რეკორდული ოდენობაა.
გამოცემის ცნობით, კრემლის ერთადერთი იმედი ჩინეთია და მისგან გაზის შესყიდვების 5-ჯერ გაზრდას ითხოვს, ასევე, პეკინს მილსადენ “სილა სიბირის” პირველი ხაზისთვის მეორე განშტოების, “სილა სიბირი-2”-ის დამატებას სთავზობს. პირველი ხაზი 2019 წელს ამოქმედდა. თუმცა ამ შეთავაზებაზე პეკინი ყოყმანობს და რუსეთისგან გაზზე ახალ ფასდაკლებას მოითხოვს, რაც ამჟამად ჩინელ მყიდველებს, ევროპის ქვეყნებთან და თურქეთთან შედარებით, ისედაც 46%-ით იაფი უჯდებათ.
მაისში, პეკინში პუტინის ვიზიტის დროს შეთანხმება მაინც ვერ შედგა, რადგან, როგორც Financial Times (FT) ამ მოლაპარაკებების მცოდნე წყაროზე დაყრდნობით წერს, სი ძინპინმა პუტინისგან გაზის ფასის რუსეთის შიდა დონემდე შემცირება მოითხოვა. ამასთან, ის “სილა სიბირი-2”-ით მხოლოდ მცირე ნაწილის, 50 მლრდ კუბურ მეტრ სიმძლავრის შეძენაზე დათანხმდა, მაშინ, როცა პუტინი ამ დამატებით განშტოებაზე დიდ იმედებს ამყარებდა.
ამდენად, FT-ის წყაროების თანახმად, პროექტის მშენებლობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და რუსულმა საინვესტიციო ბანკებმა დახურულ ანგარიშებში “გაზპრომის” სამომავლო შეფასებებიდან ჩინური კონტრაქტი უკვე გამორიცხეს.