“გაზის მაღალ კომერციულ ტარიფს ვერ ვიხდით, დახურვის პირას ვართ”-სასათბურე მეურნეობა “ბოსტანი”

სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქციის მოსაყვანად ბუნებრივ აირს იყენებენ, ამბობენ, რომ გაზის გაზრდილი ღირებულება ბიზნესის წარმოებას ხშირად აზრს უკარგავს. “ბოსტანის” დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე ამბობს, რომ მისი წარმოება გაზის მაღალი კომერციულ ტარიფს ვერ გაუმკლავდა, დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც “თბილისი ენერჯი” სასათბურე მეურნეობა “ბოსტანს” სასამართლოში უჩივის.

საქმე ის არის, რომ 2018 წლიდან დღემდე ბიზნესს გაზი 72%-ით გაუძვირდა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, კომერციული გაზის შესყიდვა 6 წლის წინ კერძო სექტორში თუ 75 თეთრად იყო შესაძლებელი, წელს ტარიფი 1.29 თეთრი გახდა.

“ბიო მეურნეობაში არ შეიძლება გათბობისთვის მეორადი ზეთის, დიზელის გამოყენება, ამიტომ ბუნებრივ გაზზე ვიყავით დამოკიდებული. თავიდანვე ვიცოდით, რომ იქნებოდა სამომხმარებლო ტარიფი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის კომერციული ტარიფი, რამაც ფაქტობრივად პირველი წელი ძალიან დიდი ვალებით დაგვაწყებინა წარმოება.

პირველივე წლის მერე დაგვილუქეს გაზის მრიცხველი, დავალიანება დაგროვდა, რასაც პერიოდულად ვიხდით. ბოლო ერთი თვის ინტერვალში სასამართლოში შეიტანეს საქმე. ჩვენ არ უარვყოფთ, დავალიანება გვაქვს, რადგან კომერციული ტარიფით მოვიხმარეთ, დაგვითვალეს ამ ტარიფით, რაზეც არ ვიყავით ინფორმირებული. დღეის მდგომარეობით, სასამართლოში გვაქვს საქმე.

გადასახდელი გვაქვს და ეტაპობრივად ვიხდით, რადგან გვაქვს პარალელურად ქათმის ხორცის და კვერცხის წარმოება, საიდანაც შემოსული თანხით ვიხდით დავალიანებას პერიოდულად, მაგრამ მაინც გვიჩივლა კომპანიამ და ახლა ფაქტობრივად დახურვის პირას ვართ”, – ამბობს “ბოსტანის” დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე.

ასევე დაგაინტერესებთ