“გაზელ ფაინენს ჯორჯიამ“ მეორე ფონდისთვის $10 მილიონი მოიზიდა – რა ეტაპზეა ფონდის შექმნა?

კერძო საინვესტიციო ფონდმა „გაზელ ფაინენსმა“ ახალი ფონდის ჩამოყალიბებისთვის 10 მილიონი დოლარი მოიზიდა. როგორც Bm.ge -სთან ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, აღნიშნული თანხა ფონდს FMO-სგან აქვს დამტკიცებული.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მეორე ფონდის შექმნაში კიდევ რომელი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები შევლენ, თუმცა ნათია ჯანელიძის თქმით, მუშაობა მიმდინარე წელსაც აქტიურად მიმდინარეობს.
“გაზელ ფაინენს ჯორჯიას” ახალი ფონდის შექმნაზე მუშაობა 2022 წლიდან აქვს დაწყებული, რომელშიც მოიაზრებოდა, რომ ფონდის მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა და საქართველო-სომხეთის გარდა, შესაძლოა და მოლდოვაც მოეცვა. ნათია ჯანელიძემ განმარტა, რომ ფონდის შექმნის გაჭიანურებას ხელი, გარდა სხვა მცირე და მსხვილი პრობლემებისა, ძირითადად ჯერ „კოვიდმა“ და შემდეგ მიმდინარე ომებმა შეუშალა.
„ჩვენთვის 2024 წელს გამოწვევად, მეორე ფონდის შექმნა რჩება. მეორე ფონდი ისევ ინვესტორებისგან თანხების მოძიების პროცესშია. ჯერ იყო პანდემია, შემდეგ ომები რეგიონში, რომლებმაც ირიბად იმოქმედეს პროცესზე. ასევე ნაწილობრივ იმანაც იმოქმედა, რომ საქართველო აღარ მიეკუთვნება დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, რადგან 2016 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გადავაბიჯეთ იმ ნიშნულს, რაც მანამდე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების რიცხვში გვაყენებდა. საქართველოს GDP განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით დაბალია, მაგრამ, მეორეს მხრივ უმეტესობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კაპიტალი ძირითადად განკუთვნილი აქვს დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ მხოლოდ კომერციული მოგება არ არის მათი ინტერესი, ასევე არის დახმარება, ეფექტის მოხდენა, განვითარება. შესაბამისად ამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების არეალიდან ჩვენ ამოვარდით, იმიტომ რომ აღარ ვითვლებით, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გადავედით. ეს კარგია, მაგრამ ამან მოითხოვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მიდგომების შეცვლა, და სხვა კატეგორიად ტრანსფორმირება, რაც ცხადია დროს მოითხოვს. FMO-სგან გვაქვს დამტკიცებული 10 მილიონი ლარი მეორე ფონდისთვის, დანარჩენ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კი ვმუშაობთ“, – განაცხადა მან.
კითხვაზე, რამდენად დაეხმარება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მეორე ფონდისთვის ინვესტორების მოზიდვის პროცესს, ნათია ჯანელიძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი დადებითად აისახება არამხოლოდ ფონდის, არამედ ზოგადად საინვესტიციო კლიმატზე საქართველოში.
„კანდიდატის სტატუსი უკვე კარგია რადგან, ეს არის ერთი ნაბიჯით დაახლოება ევროკავშირთან. ინვესტორისთვის, ქვეყანაში რისკიანობის მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა აქვს და ნაკლები რისკიანობის შემთხვევაში მეტი ინტერესი წამოვა საქართველოსკენ, რათა გააკეთონ ინვესტიციები, როგორც ინდივიდუალურმა ინვესტორებმა, ისე საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ფონდი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს პოზიტიურად შეხვდა და დადებითი მოლოდინები გვაქვს. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი წინ წავა და წევრობით დაგვირგვინდება. შესაძლოა კანდიდატის სტატუსმა “გაზელ 2”-ის შექმნას ხელი შეუწყოს და პროცესი დააჩქაროს“, – განაცხადა ნათია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ “გაზელ ფაინენს ჯორჯიას” ახალი – $50-მილიონიანი ფონდის შექმნაზე მუშაობა, თითქმის ორი წელია დაწყებული აქვს.