გაზაფხულისთვის ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ბოთლიყლაპია აპარატი გვექნება განთავსებული – “ტენე”

ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბოთლიყლაპია აპარატი მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა განთავსდეს. ამის შესახებ კომპანიის „ტენე“ დამფუძნებელმა, სანდრო ლილუაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი კომპანია „სპარკლოსა“ და „ტენეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
„ტენეს“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით 60-მდე ბოთლიყლაპია აპარატია განთავსებული და სამომავლოდ საქართველოს სრული დაფარვა იგეგმება.
„ჩვენ ბოთლიყლაპია აპარატის პროტოტიპი შევიმუშავეთ. ამის პარალელურად, დუბაიში რეგისტრირებული კომპანია „სპარკლო“ შემოვიდა, რომელიც ჩვენი კონკურენტი იყო და გარკვეული რაოდენობის ბოთლიყლაპია აპარატები დაამონტაჟა. საქმე ისაა, რომ კონკურენციის პირობებში ორივეს პრობლემები შეგვექმნებოდა, ამიტომ კონკურენციის ნაცვლად, გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ჩვენი შესაძლებლობები და შეგვექმნა სინერგია ბოთლიყლაპია აპარატების განთავსების, ბოთლების შეგროვების და გადამუშავების ნაწილში, რათა ქვეყნისთვისაც და ეკოლოგიისთვის უკეთესი შედეგი დაგვედო.