გავხსნათ საარჩევნო უბანი სტრასბურგშიც – სიორიძე

ცესკოს წევრმა პარტია “ლელოდან”, გიორგი სიორიძემ კიდევ ერთხელ მოითხოვა საარჩევნო უბნის გახსნა სტრასბურგში.
მაშინ, როცა უწყება კენჭს უყრიდა დამატებითი 7 საარჩევნო უბნის გხსნას საზღვარგარეთ – იმ ქალაქებში, სადაც უბნები აქამდეც იყო – სიორიძემ თქვა, რომ მათ რიცხვს სტრასბურგიც უნდა მიმატებოდა.
სტრასბურგში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე ოფიციალურად პარიზის საკონსულოში არიან. თუმცა ქალაქში არის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა. იქ მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, ამ შენობაში პერიოდულად იღებენ საკონსულო მომსახურებასაც.
სიორიძემ განაცხადა, რომ რამდეიმე კვირის წინ, სექტემბერში, “პარიზის საკონსულომ განახორციელა საკონსულო მომსახურების გაწევა – დოკუმენტების, პასპორტების გაცემა და აქტუალიზაცია სწორედ ამ შენობაში”.
ჩნდება კითხვა – თუ სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობაში, მოქალაქეებს საკონსულო მომსახურების მიღება შეუძლიათ, რატომ არ შეიძლება ამავე შენობაში მისცენ ხმაც?
“ვინაიდან სასწორზე დგას ხმის მიცემის ან არმიცემის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორ კვირაში ძალიან ბევრი ადამიანი დაემატა საკონსულო აღრიცხვაზე, რის გამოც ახლა ჩვენ პარიზში ვქმნით დამატებით უბანს, ერთადერთი, რჩება თანხმობა ფრანგული მხარისგან. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ შესწევს [უნარი] იმის უზრუნველყოფისა, რომ ფრანგული მხარე ამ საკითხში დაითანხმოს, იქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტს პირადად, რომელსაც აქვს განსაკუთრებული კავშირები, მივმართოთ. თუ იქნება ასეთი თანხმობა ფრანგული მხარისგან, [რომელიც აიხსნება] განსაკუთრებული შემთხვევით, [იქნებ] გაგვეხსნა ახალი უბანი არა მხოლოდ იქ, სადაც ვქმნით [პარიზში], არამედ სტრასბურგშიც”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სიორიძეს რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა და უთხრა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგით არ იყო განსაზღვრული. სიორიძემ მას სთხოვა, წინა ორი სხდომისგან განსხვავებით, ამჯერად მაინც მიეცა აზრის დასრულების შესაძლებლობა.
“საარჩვენო კოდექსი არ იცნობს ისეთ წესს, რომ მაინცდამაინც საკონსულო დაწესებულებაში უნდა გახისნას საარჩევნო უბანი. მეტიც, 32-ე მუხლი ამბობს, რომ ამომრჩეველს შეუძლია საარჩვენო რეგისტრაცია გაიაროს როგორც უკვე შექმნილ უბნაში, ასევე, საკონსულო დაწესებულებაში, ასევე- დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-17 მუხლი ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებულ ვითარებაში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შეუძიათ საკონსულო ფუნქციის განხორციელება”, – განმარტა სიორიძემ.
გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ ცესკო მოქმედებს კანონის ფარგლებში და სიორიძის მიერ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ მსჯელობის განახლების მცდელობა არის იმ დადებითი გადაწყვეტილების გადაფარვის მცდელობა, რაც დღეს მიიღეს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის“. თუმცა, არსებული პრაქტიკით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი მოქალაქეების რეგისტრაციის მისამართად განისაზღვრება არა მათი რეალური საცხოვრებლის, არამედ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი.
მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგში არის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის შენობა, რომელიც გამოიყენება საკონსულო მომსახურების გასაწევადაც, იქ უბანი არ იხსნება.
ცესკოში ამბობენ, რომ მოქმედებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწოდებული მონაცემების შესაბამისად. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება.
“ვინაიდან საფრანგეთში არის ერთი საკონსულო ოლქი, რომელშიც ასევე შედის სტრასბურგიც, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეები დგებიან საელჩოში (პარიზში), მათ შორის სტრასბურგში მცხოვრებნიც“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც “ნეტგაზეთმა” მიიღო.
ორი კვირის წინ სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა სწორედ ამ შენობასთან გამართეს აქცია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თავად დაეხმარნენ ერთმანეთს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში და მათი ინფომაციით, საარჩევნო უბნის გახსნისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობაზე, 50 ამომრჩეველზე რამდენჯერმე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს სტრასბურგში. სწორედ ამიტომ, ითხოვდნენ ხმის მიცემის შესაძლებლობას ამ შენობაში და არა პარიზში, სადაც ოფიციალურად იმყოფებიან აღრიცხვაზე.
სტრასბურგში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი, მარი კაიშაური “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ელზასის რეგიონში [რომლის ცენტრია სტრასბურგი] საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სამკურნალოდ არიან ჩასული. მათ არც ფინანსური და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, რომ ასობით კილომეტრი გაიარონ ხმის მისაცემად პარიზში ჩასასვლელად.
იმ შემთხვევაში, თუ უბანი სტრასბურგში არ გაიხსნება, სტრასბურგში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გეგმავენ, ორგანიზებულად ჩავიდნენ პარიზში და იქ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მარი კაიშაური მიმართავს თანამემამულეებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების პარიზში ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში ს დღეს.
ამავე თემაზე:
· სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს
· ქალაქი ევროპაში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, თუმცა საარჩევნო უბანს არ ხსნის