„გავრცელებული რენდერები არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან“ – ლევან დავითაშვილი
„ინტერნეტში გამოჩნდა რენდერები, რომელიც ინვესტორის მხრიდან გავრცელდა და ეს არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან,“- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში დეპუტატ არმაზ ახვლედიანის მიერ ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ პროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამშენებლო ნებართვის ფარგლებში, გენგეგმის მოთხოვნები იქნება დაცული.
„რენდერები, რომელიც ინტერნეტში გამოჩნდა ინვესტორის მხრიდან იყო გავრცელებული და არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან. გენგეგმის მოთხოვნების მიხედვით არის გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელიც გენგეგმის კოეფიციენტებს და შეზღუდვებს სრულად შეესაბამება. თუ მოხდება ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენებას, მაგრამ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობიან ინვესტიციებზე, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრულად შესაბამისია და ვფიქრობთ, რომ ინვესტორი მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს პროექტის განხორციელებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ბახმაროში არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც კურორტს ვიზიტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის და როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო და გურიის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გახდება.
„ბოლო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად რაც გულისხმობდა ახალი გენგეგმის დამტკიცებას, რომელიც ფართო საჯარო განხილვებისა და საზოგადოების ჩართულობით იყო მიღებული, სწორი დაგეგმარების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბახმაროს მიმზიდველობა. გაიზარდა ასევე მიწის ღირებულება, რომელიც 165 ლარს შეადგენდა 2019 წლისთვის და დღის მდგომარეობით უკვე 500 ლარს გადასცდა. ასევე მნიშვნელოვანი შემოსავალი, თითქმის 20 მილიონი ლარი მიიღო რეგიონმა აუქციონებიდან. თანხის აკუმულირება მოხდა საინვესტიციო მიზნით გაცემული მიწის შედეგად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
