„გავრილოვის ღამის“ დაზარალებულებმა საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატაშიც მოიგეს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში აქციების დაშლის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება დღეს, 11 დეკემბერს გასაჯაროვდა.
2019 წლის 20 ივნისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ დილით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს – სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ს დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

იმ არგუმენტით, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. ამ დღეს, სულ მცირე, ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და მოქალაქე.
ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას ჯამში ასობით ათასი ევროს გადახდა მოუწევს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული ადამიანებისთვის – 640 ათას ევროზე მეტი მატერიალური და არამატერიალური კომპენსაციისთვის და დამატებით 40 ათას ევრომდე თანხა სამართლებრივი დავისთვის გაწეული ხარჯებისთვის.
ხელისუფლება ვალდებულია, ეს თანხა დაზარალებულებს გადაუხადოს სამი თვის ვადაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა:
· ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა/ეფექტური გამოძიების არარსებობა) ორივე ასპექტის დარღვევას 26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართ;
· მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას 14 განმცხადებლის მიმართ;
· მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევას 11 განმცხადებლის მიმართ;
· 38-ე მუხლის (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულების არარსებობა).
„სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდგომი გამოძიება უკვე ხუთწელიწად-ნახევარზე მეტხანს გაგრძელდა, მას მაინც არ მოჰყოლია ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება; არც განმცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობის ან იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობის შესახებ დასკვნების გამოტანა, რომლებმაც გამოიყენეს – ან ბრძანეს – გადაჭარბებული ძალის გამოყენება…
მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული გამართლება დემონსტრაციის დაშლის სურვილისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ის პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობდა და ზოგიერთ მომიტინგეს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაშლის გზა არ იყო გამართლებული“, – წერია გადაწყვეტილებაში.
სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ დააკმაყოფილა იმ ორი მომჩივანის საჩივარიც, რომელიც ქვედა პალატამ დაუშვებლად ცნო საქმეში ექსპერტიზის ცნობის არარსებობის გამო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საქმეში მოპასუხეა, გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად, ყოფილი თანაგუნდელის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ კი ნეგატიურად წარმოაჩენს:
· „ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი“;
· „იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა“;
· „გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით“.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა წლების შემდეგ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს 12 ნოემბერს.
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. ის პასუხისგებაში მისცეს ოპოზიციაში გადასვლიდან რამდენიმე წელში.
ფორუმი