“გავიგე მედიის საშუალებით, მაშინ, როდესაც განთავსდა საგუშაგო” – იზორია ჩორჩანის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია ირწმუნება, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საგუშაგო კოშკის განთავსების შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგო. მისი თქმით, საკითხი არც უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში განხილულა.
ჩორჩანის საქმესთან დაკავშირებით დღეს იზორია პროკურატურაში გამოკითხეს.
“მე გავიგე საჯარო ინფორმაციების საფუძველზე, მასმედიის საშუალებით, მაშინ, როდესაც განთავსდა კონკრეტული საგუშაგო კონკრეტულ ტერიტორიაზე […]ძირითადი კითხვა მდგომარეობდა იმასთან დაკავშირებით, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით. ჩემი პასუხი იყო, რომ მე ინფორმაცია არ გამაჩნდა – არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა თუ, განსაკუთრებით, უსაფრთხოების საბჭოს ფარგლებში, ასეთი საკითხის განხილვა არ ყოფილა”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ლევან იზორია ერთადერთი მაღალჩინოსანი არ არის, რომელიც ამბობს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს აშენებული საგუშაგო კოშკის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი გახსნის შემდეგ გაიგო. იგივე გაიმეორა თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც, რომელიც პროკურატურაში გუშინ, 22 ივლისს გამოიკითხა.
მაშინდელი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი კი აცხადებს, რომ კოშკის შესახებ 6 წლის შემდეგ, ცოტა ხნის წინ გაიგო.
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აშენებული საგუშაგოს შესახებ დისკუსია 6 წლის შემდეგ კვლავ განახლდა. ყველაფერი დაიწყო “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიით, სადაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას ამის შესახებ კითხვები დაუსვეს. გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საგუშაგოს გახსნის შესახებ ოსებისგან შეიტყო. ის და კომისიის სხვა წევრები გახარიას ედავებოდნენ, რომ საგუშაგო თვითნებურად გახსნა, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
„კიდევ კარგი, რომ ომის დაწყებას არ მაბრალებთ. ისეთი ტემპით მიდიხართ, რომ ომის დაწყებას დამაბრალებთ“, — განაცხადა გახარიამ სხდომაზე, რომელიც 14 აპრილს გაიმართა.
ზუსტად ორ თვეში ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურატურა იკვლევს ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება:
· “საბოტაჟს;
· დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას;
· უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;
· საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.
გამოძიების ფარგლებში არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი დაიბარეს. მათ შორის, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ სუს-ის უფროსი იყო, და მაია ცქიტიშვილი, რომელიც მაშინ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
ჩორჩანის საკითხთან დაკავშირებით “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ კომისიაზე გიორგი გახარია ხელმეორედ დაიბარეს. მან სხდომაში მონაწილეობა დისტანციურად მიიღო იმ მოტივით, რომ საქართველოში არ იმყოფება.
გიორგი გახარიამ ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ გახდა საჭირო საგუშაგოების გახსნა ქართული მხრიდან. გახარია ირწმუნება, რომ გეგმის მიხედვით მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამში, 7 საგუშაგო უნდა გახსნილიყო და ამის შესახებ ინფორმირებული იყო ვახტანგ გომელაურიც. მალევე გახარია -ს მინისტრობიდან პრემიერობამდე დააწინაურეს, შსს კი ვახტანგ გომელაურს ჩააბარეს.
“ამ პერიოდში, როგორღაც გასაოცრად, ის საგუშაგოები იმ კოორდინატებზე, სადაც უნდა ყოფილიყო საქართველოს საგუშაგოები, აღმოჩნდა ს ფედერაციის საგუშაგოები”, – განაცხადა გახარიამ.
მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შექმნას კიდევ ერთი კომისია, რომელიც გამოიძიებს, რა მოხდა ჩორჩანის ტერიტორიაზე და რატომ მოხდა ის, რომ საქართველოს მიერ შემუშავებული გეგმით გათვალისწინებული საგუშაგოები რუსებმა ჩადგეს.
ამავე თემაზე:
· რას ამბობდა სუსი 2019 წელს ჩორჩანის საგუშაგოზე?
· როგორ გაიხსნა ჩორჩანას საგუშაგო, რის გამოც გახარია შესაძლოა დააკავონ – ინტერვიუ შაიშმელაშვილთან