“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ პირველი ორი დღე განსაკუთრებით საყურადღებო იქნება. მისივე თქმით, ამაღლობელის მკურნალობის პროცესი კლინიკაში გაგრძელდება.
“ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ, ყოველი დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან […] გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას ე.წ. რეფიდინგ სინდრომის. იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან; რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს. ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები. […] განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პირველი ორი დღე. არის სპეციალური მენიუ შემუშავებული. დამტკიცებულია ეს რეფიდინგ პროტოკოლი და თანმხლებ მკურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესები”, – განაცხადა ექიმმა.
38-დღიანი შიმშილობის შემდეგ ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა კვების აღდგენა გადაწყვიტა.
“ბათუში, “ოცნების ქალაქი”. მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა”, – წერს ამაღლობელი “ვივამედიდან” გამოგზავნილ წერილში.
მზია ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ამის შემდეგ, ამაღლობელის იურისტებმა კვლავ მიმართეს სააპელაციოს, ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო, 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
