ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, დოროთი შიმ უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „საჰაერო სივრცის შემაშფოთებელი დარღვევების წინაშე აშშ ნატო-ს მოკავშირეების გვერდით დგას“.
„დარწმუნებულები იყავით, რომ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ. ეს ინციდენტი ხელს უშლის იმ ძალისხმევას, რომელიც აშშ-მა ბოლო კვირების განმავლობაში ომის დასასრულებლად გაიღო“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ „პოლონეთის ტერიტორიაზე სამიზნეები არ ყოფილა“.
„დრონების მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრს არ აღემატებოდა, ამიტომ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ რომელიმე მათგანი პოლონეთის ტერიტორიამდე მიღწევას შეძლებდა“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.
უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარსინ ბოსაცკიმ აღნიშნა, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა „შეცდომა არ ყოფილა“.




