ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ გაერო-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ფოლკერ ტურკმა განაცხადა.
„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მრავალჯერადი და ღრმა დარღვევის შესახებ უაღრესად სერიოზული ბრალდებები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ სჩადის მათ, მკაცრ გამოძიებასა და სრულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამისთვის საერთაშორისო გამოძიებაა საჭირო“, – განაცხადა ტურკმა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ღაზაში არსებული სიტუაციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე.
ფოლკერ ტურკის განცხადებას ისრაელის ელჩი ჟენევაში, მეირავ ეილონ შაჰარი გამოეხმაურა და იგი ისრაელისა და “ჰამასის“ ქმედებების გაიგივების გამო გააკრიტიკა.
„თუ სახელმწიფო ვერ დაიცავს საკუთარ თავს, ან მას ამის გამო გააკრიტიკებენ, მაშინ ტერორისტული ორგანიზაციები უფრო და უფრო გათამამდებიან, რადგან დარწმუნებულნი იქნებიან, რომ საერთაშორისო მხარდაჭერას მიიღებენ“, – აღნიშნა მეირავ ეილონ შაჰარმა.