გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რეზოლუციით, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
“რეზოლუციაში, პირველად აისახა ჩანაწერი ს მიერ სა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებების შესაბამისად, რეზოლუციაში საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე რუსეთის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობის შესახებ,” – აღნიშნულია განცხადებაში.
დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია.
ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუციაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის შეზღუდვის თაობაზე.
საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.
რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი.