გაეროში ირანის ელჩი, ამირ-საეიდ ირავანი აცხადებს, რომ ირანი ბირთვულ გამდიდრებას არასდროს შეაჩერებს, რადგან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით, ის მშვიდობიანი მიზნებისთვის დაშვებულია.
„გამდიდრება ჩვენი უფლებაა, განუყოფელი უფლება და გვსურს ამ უფლების განხორციელება“, – განუცხადა ირავანიმ CBS News-ს.
მისი მტკიცებით, თეირანი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული უპირობო დანებება მოლაპარაკება არ არის.
„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ უპირობო დანებება არ არის მოლაპარაკება. ეს არის პოლიტიკის კარნახი ჩვენთვის“, – აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.
ამასთან, მისი თქმით, არ არსებობს მისი მთავრობის მხრიდან რაიმე სახის საფრთხე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის, ან სააგენტოს ინსპექტორების მიმართ, რომლებსაც ზოგიერთი ირანელი ჩინოვნიკი ისრაელისთვის მისი თავდასხმების გამართლებაში დახმარების აღმოჩენაში ადანაშაულებს.
„არანაირი საფრთხე არ არსებობს. ინსპექტორები ირანში იმყოფებიან, ისინი უსაფრთხო პირობებში არიან, მაგრამ მათი საქმიანობა შეჩერებულია. მათ არ აქვთ ჩვენს ობიექტზე წვდომის უფლება. ჩვენი შეფასებით, მათ თავიანთი სამუშაო არ შეასრულეს“, – აღნიშნა ირანელმა დიპლომატმა.
