გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, 24 ოქტომბერს უთხრა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაირღვა გაეროს ქარტია და საერთაშორისო კანონი – ვკითხულობთ გაეროს განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ყაზანში BRICS-ის სამიტის პარალელურად გუტერეშსა და პუტინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
განცხადების თანახმად, გუტერეშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე იმ შეხვედრაზე, რომელიც გუტერეშსა და პუტინს შორის პირველად გაიმართა 2022 წლის აპრილის შემდეგ.
გაეროს ხელმძღვანელს, რომელიც რუსეთში ჩავიდა იმ ფონზე, როცა მოსკოვის ძალები უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე განაგრძობენ განურჩეველ დარტყმებს, ფოტოები გადაუღეს პუტინისთვის ხელის ჩამორთმევისას, მათი შეხვედრის დაწყების წინ.
მანამდე სამიტის დელეგატების, მათ შორის პუტინის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, გუტერეში გამოვიდა უკრაინაში “სამართლიანი მშვიდობის” დამყარების მოწოდებით.