გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს, 5 იანვარს გეგმავს სხდომის გამართვას – მას მერე, რაც 3 იანვარს აშშ-მა ვენესუელაზე მიიტანა იერიში და დაამხო მისი ავტორიტარი ლიდერი, ნიკოლას მადურო. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ამ ნაბიჯს აღიქვამს “სახიფათო პრეცედენტის” დამკვიდრებად.
15-წევრიანი საბჭოს სხდომის გამართვა კოლუმბიამ მოითხოვა, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით – დიპლომატების ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო როიტერსი. გაეროს უშიშროების საბჭო ამ დრომდე ორჯერ, ოქტომბერსა და დეკემბერში შეიკრიბა, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელას ვაშინგტონი მართავს “იმ დრომდე, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო, რიგიანი და კეთილგონივრული გადაცემა იქნება შესაძლებელი”. ჯერჯერობით უცნობია როგორ გეგმავს ტრამპი ვენესუელის მართვის განხორციელებას.
გაეროში ვენესუელის ელჩი, სემიუელ მონჩადა უშიშროების საბჭოს შემდეგი განცხადებით მიმართავს – “ესაა კოლონიური ომი, რომლის მიზანია ხელისუფლების ჩვენი რესპუბლიკური ფორმის განადგურება, რაც ჩვენმა ხალხმა თავისუფლად აირჩია – და თავსმოხვევა მარიონეტული რეჟიმისა, რომელიც უფლებას გასცემს ჩვენი ბუნებრივი რესურსების დატაცებაზე, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის რეზერვების ჩათვლით”.
ელჩის შეფასებით, აშშ-მა დაარღვია გაეროს სადამფუძნებლო ქარტია, რომელიც ამბობს – “საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა წევრმა თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენების, ან მისი მუქარისგან ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”.
გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანი, სტეფან ჯიუჟარიკი აშშ-ის მიერ გასულ ღამით განხორციელებულ სამხედრო მოქმედებას უწოდებს “სახიფათო პრეცედენტს”.
“გენერალური მდივანი კვლავ ხაზს უსვამს ყველას მიერ საერთაშორისო კანონის, მათ შორის გაეროს ქარტიის სრული პატივისცემის მნიშვნელობას. ის ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ საერთაშორისო კანონის წესები არ იყო დაცული” – ამბობს ჯიუჟარიკი.
ტრამპის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში იღებდა მიზანში გავრცელებული ეჭვით ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართულ ხომალდებს ვენესუელის სანაპიროსთან და ლათინური ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან. აშშ-მა რეგიონში თავისი წარმომადგენლობა გააძლიერა და გამოაცხადა აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცეული ყველა ხომალდის ბლოკირება, გასულ თვეში მან გადაიტაცა ვენესუელის ნედლი ნავთობით დატვირთული ორი ტანკერი.
ოქტომბერში აშშ-მა თავისი მოქმედება გაამართლა როგორც შესაბამისობაში მყოფი გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან, რომელიც მოითხოვს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ ეცნობოს სახელმწიფოთა მიერ შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად გადადგმულ ყველა თავდაცვით ნაბიჯზე.
“ეს არ არის რეჟიმის შეცვლა, ეს არის სამართალი” – წერს გაეროში აშშ-ის ელჩი, მაილ უოლცი შაბათს პლატფორმაზე X, და დასძენს – “მადურო იყო ბრალდებული, არალეგიტიმური დიქტატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოცხადებულ ნარკო-ტერორისტულ ორგანიზაციას – რომელიც ამერიკის მოქალაქეების მკვლელობებზე იყო პასუხისმგებელი”.
ფორუმი




