BBC-ის ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი, წამების, სასტიკი, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ჯილ ედვარდსი საპროტესტო აქციების დაშლისას ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საქმესთან დაკავშირებით ფორმულას ესაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა ქართული ოცნების სუს-ის მიერ ამ საკითხზე ჩატარებულ გამოძიებაზე და თქვა, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება, რაც საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ასახელებს ევროპის საბჭოს მექანიზმებს და ქართული ოცნების მთავრობას სწორედ მათი გამოყენებისკენ მოუწოდებს.
ამ კონტექსტში, ის იხსენებს სერბეთის შემთხვევას, როდესაც ალექსანდრ ვუჩიჩი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს, მალევე კი ევროპულმა სასამართლომ სერბეთის მთავრობას ე.წ. ხმადამშენის გამოყენება აუკრძალა, რომელსაც ძირითადად სამხედრო დანიშნულება აქვს.
“საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება. სამთავრობო უფლებამოსილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ის იყოს გამჭვირვალე და ეს მოითხოვს გამჭვირვალე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებებს. მაგალითად, მე მოვუწოდებდი ევროპის საბჭოს მექანიზმების გამოყენებისკენ.
ჩვენ ვნახეთ, რომ მათ დაიწყეს გამოძიება, მაგალითად, სერბეთთან დაკავშირებით, სადაც საპროტესტო აქციები დაახლოებით საქართველოს საპროტესტო აქციების მსგავს ვადებში იყო და ეს მოიცავდა ხმოვან იარაღებს, რომელიც ასევე ექსპერიმენტული იარაღებია. ამის პრეცედენტი არსებობს და, ვფიქრობ, ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ.
მე მივწერე საქართველოს მთავრობას სხვა სპეციალურ მომხსენებლებთან ერთად და ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი მთავრობისგან, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებების, გამოყენებული ქიმიკატების და მათი გამოყენების წესის შესახებ. ასე რომ, სანამ ოფიციალურად არ მივიღებ რამეს, ჩემთვის ეს რჩება ინფორმაციის ნაკლებობის შავ ხვრელში”, – ამბობს ის.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ფორმულასთან საუბარში ქართული ოცნების პოლიციის მოქმედებებს წამების კონტექსტში განიხილავს და იყენებს სიტყვა – იარაღს, რითაც აღწერს იმ საშუალებას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.
ის ასევე აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ყველა მთავრობა არ პასუხობს მის წერილებს, ისინი კი – “ვინც მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს და აქვთ ძლიერი სამართლებრივი სისტემა და არაფერი დასამალი – უპასუხებენ”.




