“საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი არის ის, რომ სამთავრობო ორგანოს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოძიება”, – “ფორმულას” ინფორმაციით, ეს განცხადება მათთან ინტერვიუში წამების საკითხებში გაეროს სპეცმომხსენებელმა, ელის ედვარდსმა გააკეთა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაასრულა გამოძიება BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მივიდა დასკვნამდე, რომ პოლიციას მომიტინგეების წინააღმდეგ არ გამოუყენებია აკრძალული ქიმიური ნივთიერებები. თუმცა, ამ გამოძიების ნაკლებად სჯერა ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს, ისინი ითხოვენ, რომ გამოძიებაში საერთაშორისო კომპონენტიც ჩაერთოს.
ჯილ ედვარდსი ამბობს, რომ ასეთი რამ უკვე მოხდა სერბეთში, სადაც ასევე იყო ცნობა, რომ პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხმოვანი იარაღი გამოიყენა. ედვარდსი ქართულ მხარეს ურჩევს გამოიყენოს ევროსაბჭოს კომპონენტი.
“სამთავრობო უფლებამოსილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ ის იყოს გამჭვირვალე და ეს მოითხოვს გამჭვირვალე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებებს. მაგალითად, მე მოვუწოდებდი ევროპის საბჭოს მექანიზმების გამოყენებისკენ. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ დაიწყეს გამოძიება, მაგალითად სერბეთთან დაკავშირებით, სადაც საპროტესტო აქციები დაახლოებით საქართველოს საპროტესტო აქციების მსგავს ვადებში იყო და ეს მოიცავდა ხმოვან იარაღებს, რომელიც ასევე ექსპერიმენტული იარაღებია. ამის პრეცედენტი არსებობს და ვფიქრობ, ეს არის ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ. მე მივწერე საქართველოს მთავრობას სხვა სპეციალურ მომხსენებლებთან ერთად და ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი მთავრობისგან, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებების, გამოყენებული ქიმიკატების და მათი გამოყენების წესის შესახებ. ასე რომ, სანამ ოფიციალურად არ მივიღებ რამეს, ჩემთვის ეს რჩება ინფორმაციის ნაკლებობის შავ ხვრელში”, – აცხადებს ედვარდსი.
ის ასევე ამბობს, რომ როგორც წესი ყველა მთავრობა არ პასუხობს მის წერილებს.
“ისინი, ვინც მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს და აქვთ ძლიერი სამართლებრივი სისტემა და არაფერი დასამალი — უპასუხებენ. მიღებული დაზიანებების რაოდენობა პროტესტის მასშტაბთან შედარებით, იყო არაპროპორციულად დიდი. არაპროპორციული იყო მსგავს სხვა პროტესტებთან შედარებითაც და ეს ძალზე შემაშფოთებელია. მათ შორის თავის მრავლობითი ტრავმებიც. ყველაფერი ეს საჭიროებს გამოძიებას, სათანადო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას. ზოგს შესაძლოა გრძელვადიანი მკურნალობაც დასჭირდეს, ეს ძალიან საფრთხის შემცველი ტენდენციებია. არსებობს მკაფიო წესები იმისა, თუ როგორ უნდა აკვირდებოდეს და ჩაერთოს პოლიცია პროტესტებში. არსებობს წესები კანონიერების, პროპორციულობის, აუცილებლობის შესახებ. ცხადია, პროპორციულობის საკითხები სერიოზულად პრობლემურია საქართველოს პროტესტების კონტექსტში და ნამდვილად მოითხოვს უკეთეს გამოკვლევას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირს გარეთაა, არსებობს ძალიან ძლიერი წამების საწინააღმდეგო რეგულაცია და იარაღი, რომელიც იქნა გამოყენებული — განსაკუთრებით წყლისა და ქიმიკატების შერევით შექმნილი საშუალება, რომელსაც მე ექსპერიმენტულ იარაღად მივიჩნევ და შესაბამისად, აკრძალულად — მართლაც მოითხოვს სერიოზულ შესწავლას და მე გავაგრძელებ ზეწოლას ხელისუფლებაზე, რათა ეს გაკეთდეს”, – ამბობს ედვარდსი.
მიმდინარე წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს დაუდგენელი ხმოვანი იარაღი. ქვეყნის ლიდერმა ეს ცნობა უარყო და მიიწვია ამერიკული FBI-სა და რუსული FSB-ს წარმომადგენლები საგამოძიებო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
ამ თემაზე




