გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში BBC-ის გამოძიებაზე: ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი სოციალურ ქსელში BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ელის ედვარდსი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ ორგანოების მიერ გამოყენებული ყველა იარაღი და აღჭურვილობა გაკონტროლდეს და საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია, ასევე ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება.

ჩემთვის პატივია მონაწილეობა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „როცა წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. ფილმი შეეხება 2024 წლის პროტესტს, რომელსაც ასობით ადამიანის დაშავება მოჰყვა და ბრალდებას, რომ პოლიციამ წყლის ჭავლში უცნობი ქიმიური ნივთიერება გაურია.

ნივთიერება, რომელიც სავარაუდოდ გამოიყენეს, „კამიტია“, ბრომობენზილ ციანიდი, თუმცა ხელისუფლებას დღემდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ ორგანოების მიერ გამოყენებული ყველა იარაღი და აღჭურვილობა გაკონტროლდეს და საზოგადოებას მიეწოდოს სრული ინფორმაცია, ასევე ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება.

ექსპერიმენტული იარაღის ადამიანებზე გამოყენება დაუშვებელია და ყველას, ვინც საქართველოში ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის – ჩემი პატივისცემა თქვენ,” – წერს ელის ედვარდსი.

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.