პალესტინაში გაეროს ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) თანამშრომლებს 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
ბრალდებების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ UNRWA-ს ხელმძღვანელმა ამ თანამშრომლებს კონტრაქტი დაუყოვნებლივ გაუწყვიტა.
“ისრაელის ხელისუფლებამ UNRWA-ს მიაწოდა ინფორმაცია 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმაში ჩვენი რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. ეს შოკისმომგვრელი ბრალდებები ვრცელდება მაშინ, როცა ომის დაწყების შემდეგ, ღაზაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი სააგენტოს დახმარებაზეა დამოკიდებული.
ყველა, ვინც გაეროს ფუნდამენტურ ღირებულებებს ღალატობს, ასევე ღალატობს მათ, ვისაც ღაზაში, რეგიონის მასშტაბით და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ვეხმარებით”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ამ ცნობების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აშშ-მა UNRWA-ს დროებით დაფინანსება შეუჩერა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, ენტონი ბლინკენი აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა და ხაზი გაუსვა სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიების აუცილებლობას.
მისივე განცხადებით, აშშ დამატებითი ინფორმაციისთვის ისრაელის მთავრობას დაუკავშირდა.
აშშ-ის გარდა, სააგენტოს დაფინანსება შეუჩერა ავსტრალიამ, კანადამ და იტალიამაც.