„გაეროს მოსახლეობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, დიენე კეიტა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც დიენე კეიტა აღნიშნავს, მოზარდ გოგოებზე ციფრული ძალადობა იმდენად საგანგაშო მასშტაბებს იღებს, რომ ბევრი მათგანისთვის უცხო არ არის ამგვარი ძალადობის გამოცდილება.
„მრავალი მოზარდი გოგო, ონლაინ სივრცეში ტექნოლოგიების საშუალებით იძენს მეგობრებს, წრეს და სხვადასხვა პოზიტიურ გამოცდილებას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს არის სივრცე, სადაც ისინი ეუფლებიან ცოდნას, ეწევიან შემოქმედებით საქმიანობას და იკვლევენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს. მათ აქვთ უფლება, გამოიყენონ განვითარების, პიროვნული ზრდისა და წარმატების მიღწევის ყველა შესაძლებლობა, რასაც სწრაფად განვითარებადი ციფრული სამყარო გვთავაზობს. ამავდროულად, მათ აქვთ უფლება, იგრძნონ თავი უსაფრთხოდ და საკუთარი სქესის გამო სიძულვილის შემცველი „კონტენტის“ ზემოქმედებისგან დაცულად. მიუხედავად ამისა, მოზარდ გოგოებზე ციფრული ძალადობა იმდენად საგანგაშო მასშტაბებს იღებს, რომ ბევრი მათგანისთვის უცხო არ არის ამგვარი ძალადობის გამოცდილება. ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა (TF GBV), ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს ონლაინ სიძულვილის ენა, გამოსახულების გამოყენებით ძალადობა, დოქსინგი თუ კიბერადევნება, ფართოდაა გავრცელებული. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პარალელურად, ვითარდება და მკვიდრდება ძალადობის ახალი ფორმებიც. ამასთან, ის, რაც ხდება ონლაინ, ძალიან ხშირად რეალურ ძალადობაში გადაიზრდება. ინტიმური ფოტოების ონლაინ გაზიარება, მათ შორის მოზარდი გოგოების მხრიდან, სულ უფრო ხშირად განიხილება ურთიერთობის ახალ ნორმად. თუმცა, ძალიან ბევრმა არც კი იცის, რომ მოძალადის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, ეს ფოტოები შეიძლება უკიდეგანოდ გავრცელდეს და გამოყენებული იქნას შანტაჟისა და გამოძალვის მიზნით. ამ მიმართულებით არსებული სიტუაცია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს ცხოვრებაში ზიანის ახალი ფორმები შემოაქვს, როგორიცაა „ჩეთბოტები“, რომლებიც ხელს უწყობს რეალურ სამყაროში არსებული მეგობრებისა და მეურვეებისგან იზოლირებას, გამიჯვნასა და გაუცხოებას. მშობლები, მასწავლებლები და მეურვეები სრულყოფილად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ციფრული ძალადობის მასშტაბების შესახებ და აღჭურვილნი უნდა იყვნენ ზიანის პრევენციისა და მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ინსტრუმენტებით. გოგოების ონლაინ სივრციდან განდევნა, ძალადობის თავიდან ასაცილებლად, გამოსავალი არ არის – ეს ნიშნავს მათთვის იმ უნარების განვითარების შესაძლებლობების ჩამორთმევას, რომლებიც მათ მომავალს განსაზღვრავს. ამის ნაცვლად, მოზარდებთან პროაქტიულად მუშაობა დაეხმარება მათ თავიანთი ციფრული უფლებების რეალიზებასა და იმის სწავლაში, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი. ბიჭებსაც და გოგოებსაც უნდა ვასწავლოთ თანხმობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობა, როგორც რეალურ, ასევე ონლაინ სივრცეში. საბოლოოდ, ის რაც რეალურ დაცვას განაპირობებს, არის ზიანზე დროული რეაგირება; ტექნოლოგიები, რომლებიც შექმნილია და რეგულირდება უსაფრთხო, ეთიკური და უფლებებზე დაფუძნებული პრინციპების შესაბამისად და სამართლებრივი ჩარჩო და სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს დამნაშავეთა პასუხისგებასა და მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენას. მოზარდი გოგოები იმსახურებენ იყვნენ ონლაინ სივრცის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრები. ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და არა მხოლოდ დღეს, მოდით, გავერთიანდეთ, რათა დავასრულოთ ციფრული ძალადობა და შევქმნათ მომავალი, სადაც ტექნოლოგიები ემსახურება ქალებისა და გოგოების გაძლიერებას, ნაცვლად მათთვის საფრთხის შექმნისა“, – აღნიშნულია დიენე კეიტას განცხადებაში, რომელსაც „გაეროს მოსახლეობის ფონდი“ ავრცელებს.




