გაეროს მოსახლეობის ფონდი – მსოფლიო მოსახლეობის დღეზე, ხაზს ვუსვამთ აღმოსავლეთ ევროპაში დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას

მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა, იმ დემოგრაფიულ ცვლილებაზე რეაგირება, რომლის წინაშეც რეგიონის ქვეყნები დგანან, ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებებს.
„რეგიონის მასშტაბით, დემოგრაფიული ცვლილების განხილვისას, ჯერ კიდევ დომინირებს მცდარი წარმოდგენები და შფოთვა“, – განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფლორენს ბაუერმა.
ფლორენს ბაუერმა დასძინა, რომ რეგიონში მიმდინარე მოსახლეობის ცვლილება რეალურია და მისი შედეგები დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს,
”მაგრამ არ არსებობს სასოწარკვეთის საფუძველი: ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ მთავრობებს, უარყოფითი შედეგების შესამცირებლად და იმ შესაძლებლობების სრულად გამოყენების მიზნით, რომლებიც ასევე თან ახლავს მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებას“, – აღნიშნა მან.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შობადობის მაჩვენებლები დაბალია, და საშუალოდ 1,3-დან 1,8-მდე ბავშვს შეადგენს ერთ ქალზე. ამავდროულად, მილიონობით ადამიანი ტოვებს რეგიონის ქვეყნებს, სხვაგან უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში.
ამასთან, როგორც UNFPA აღნიშნავს, აღნიშნული ტენდენციების ერთობლივი ზემოქმედებით რეგიონში დაჩქარდა მოსახლეობის დაბერება და, რიგ ქვეყნებში, მოსახლეობის შემცირებაც კი ფიქსირდება. იმ ქვეყნების უმეტესობა, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა დღეს უფრო მცირეა, 1990 წელთან შედარებით, ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ამ პერიოდში, ზოგიერთ ქვეყანაში, მოსახლეობა 30 პროცენტით ან მეტით შემცირდა.
მაშინ, როცა რეგიონის მასშტაბით მიმდინარე მსჯელობის ძირითად საგანს შობადობის მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აფრთხილებს, რომ ამგვარ მიდგომას შეიძლება მოჰყვეს ქალების დადანაშაულება, მათზე ზეწოლის ზრდა და იმ ძირითადი ფაქტორების უგულებელყოფა, რაც ხელს უშლის ოჯახის შექმნას და ახალისებს მიგრაციას, როგორიცაა არასათანადო განათლება, საცხოვრებლებზე გაზრდილი ფასები, არასტაბილური სამუშაო ადგილები, პოლიტიკური არამდგრადობა და კორუფცია.
„სწორედ ამიტომ, შობადობის მაჩვენებლებზე ფოკუსირება შეიძლება კონტრპროდუქტიული და პოტენციურად საზიანო აღმოჩნდეს,“ – განაცხადა ფლორენს ბაუერმა.
გაეროს მოსახლეობის ფონდში აღნიშნავენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოგრაფიული გამოწვევების რეალურ გადაჭრასა და, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული უფლებებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში გაღებული ძალისხმევის შედეგად მიღწეულ მნიშვნელოვან წინსვლას, რაც, პოტენციურად, უარყოფითად აისახება ქვეყნების სტაბილურობასა და განვითარებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვანია, ქვეყნების წინსვლა და განვითარება შესაძლებელია შობადობის დაბალი მაჩვენებლის ფონზეც. თუმცა აღნიშნული საჭიროებს მდგრად ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში და იმ მრავალი ბარიერის მოხსნას, რომლებიც ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აფერხებს ქალებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან მონაწილეობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნების მთავრობებთან, იმ შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, ეფექტურად გაუმკლავდნენ დემოგრაფიულ ცვლილებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებითა და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების შესაბამისად. დემოგრაფიული მდგრადობის პროგრამის ოთხ ძირითად საყრდენს წარმოადგენს: პოლიტიკა, ადამიანური კაპიტალი, სისტემური რეფორმები და საზოგადოებრივი მხარდაჭერა.
აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე დემოგრაფიულ ცვლილებასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოსახლეობის მსოფლიო დღე დააწესა მოსახლეობის საკითხების ცნობადობის ამაღლების მიზნით და იგი 1990 წლიდან აღინიშნება.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) არის გაეროს სააგენტო, რომელიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს. მისი მისიაა შექმნას მსოფლიო, სადაც ყველა ორსულობა სასურველია, ყოველი მშობიარობა უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი სრულად რეალიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ