გაეროს მონაცემებით, სამ თვეში რუსეთში სიკვდილით დასაჯეს 32 უკრაინელი ტყვე

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში ში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომლის ერთი თავი მთლიანად ეთმობა სამხედრო ტყვეებს.
კომისრის ოფისის მიერ მოპოვებული მონაცემებით, სამ თვეში, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსმა სამხედროებმა დახოცეს სულ მცირე 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე. ეს რიცხვი წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მაღალია.
გაეროს ექსპერტებმა შეძლეს დამოუკიდებელი წყაროებით დაედასტურებინათ სულ ცოტა სამი შემთხვევა, როცა არაბრძოლისუნარიანი 7 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშში აღწერილია კონკრეტული ფაქტები. მაგალითად, გაეროს ექსპერტები მოწმეებზე დაყრდნობით წერენ, რომ ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რაბოტინოს რაიონში რუსმა სამხედრომ უკრაინელი ტყვე ჯერ ფეხში დაჭრა იმის გამო, რომ გასაგებად არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი ზურგში ორჯერ ესროლა და მოკლა.
ანგარიშში აღწერილია რუსი სამხედროების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების წამება, მათ შორის ელექტროშოკის გამოყენება, ჩამოხრჩობის იმიტაცია და სექსუალიზირებული ძალადობა.
გაეროს ექსპერტები წერენ უკრაინაში ტყვედ მყოფი რუსი სამხედროების შესახებაც. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლები 44 რუს ტყვეს ესაუბრნენ. მათი დიდი ნაწილის თანახმად, უკრაინელები აწამებდნენ, ან ცუდად ეპყრობოდნენ დატყვევებისთანავე, ან მუდმივი მოთავსების ადგილებში გადაყვანისას. რუს სამხედროებს არ უთქვამთ, რომ წამება გაგრძელდა მუდმივი მოთავსების ადგილებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ