გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის აღსაკვეთად და გამოიძიოს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებული საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების უსაფუძვლო დაკავების ბრალდებები.
„ჩვენ მივიღეთ ცნობები საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, ისევე როგორც არაიდენტიფიცირებული პირების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, — განაცხადა 6-მა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ბრალდებების მასშტაბები და ზიანის სიმძიმე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მომიტინგეებს, მოგვიანებით კი დაკავებულებს მიაყენეს, შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა.
„ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ეს ინციდენტები შეიძლება არ ყოფილიყო იზოლირებული და მიუთითებდეს მეთაურთა პასუხისმგებლობაზე“, — ნათქვამია ექსპერტების განცხადებაში.
გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტთა თანახმად, არსებობს სანდო ინფორმაცია, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად გამოიყენა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა ქიმიური გამღიზიანებლები, შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა, უჩვეულოდ მაღალი პროცენტმა კი თავისა და სახის სერიოზული დაზიანებები მიიღო.
„ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბევრ დაკავებულს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ხანგრძლივად და განმეორებით სცემდნენ, დაემუქრნენ გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების დამტვრევით და უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე“, – აცხადებენ ექსპერტები.
მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო თვეებში გავრცელებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.
ადამიანის უფლებათა ექსპერტები აცხადებენ, რომ ნებისმიერი უსაფუძვლოდ დაკავებული უნდა გათავისუფლდეს.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ ძალის ნებისმიერი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილისა და არა-დისკრიმინაციის პრინციპებს და მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„ჩვენ ვთხოვთ მთავრობას, წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ მოგვახსენოს“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· ალისა ჯილ ედვარდსი, სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში;
· მორის ტიდბოლ-ბინცი , სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს გარეშე დასჯის საკითხებში;
· ჯინა რომერო , სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში;
· მერი ლოულორი, სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველების ვითარებაზე;
· ირინე ხანი, სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე;
· მარგარეტ სატერტვეიტი, სპეციალური მომხსენებელი მოსამართლეთა და ადვოკატების დამოუკიდებლობის საკითხებში .
სპეციალური მომხსენებლები/დამოუკიდებელი ექსპერტები/სამუშაო ჯგუფები არიან ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც დანიშნულია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე; ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს სამუშაოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი მოქმედებს, როგორც სპეციალური პროცედურების სამდივნო, ექსპერტები მუშაობენ თავიანთი ინდივიდუალური შესაძლებლობებით და დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობისა თუ ორგანიზაციისგან, მათ შორის OHCHR-ისა და გაეროსგან. წარმოდგენილი ნებისმიერი შეხედულება ან მოსაზრება ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ წარმოადგენს გაეროს ან OHCHR-ის შეხედულებებს.
