გაეროს გამოთვლებით, ყოველწლიურად მსოფლიოში გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე თეთრდება, რაც $2 ტრილიონის ეკვივალენტია. პრაქტიკა, რომელიც უკანონო გზებით მოპოვებული ფულის ლეგალიზებას მოიაზრებს, იმდენადვე ძველია, რამდენადაც – კრიმინალი.
ისტორიკოსების გადმოცემით, ფულის გათეთრების შემთხვევებს ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინანდელ გრაგნილებზე გამოსახავდნენ, როცა, რეგიონული მთავრობების მიერ ვაჭრობის სხვადასხვა ფორმის აკრძალვის შემდეგ, ჩინელმა ვაჭრებმა მოგების გათეთრება დაიწყეს. იმ ხნად ვაჭრის საქმიანობას ეჭვის თვალით უყურებდნენ; თვლიდნენ, რომ გაცვლა-გამოცვლაში ჩართული ადამიანები ხარბები და დაუნდობლები იყვნენ, მათი შემოსავალი კი შავ ბაზარზე საქმიიანობით, ქრთამის აღებითა და გამოძალვით იზრდებოდა. ბიუროკრატთა რეგულაციების თავიდან ასარიდებლად, ჩინელი ვაჭრები ჩრდილქვეშ რჩებოდნენ, ნავაჭრ ფულს მოძრავ ქონებაში ბიზნესებში აბანდებდნენ.
ფულის გათეთრების უფრო თანამედროვე ლეგენდა 1930-იანი წლების ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს. თავად ტერმინიც, “ფულის გათეთრება” ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი კრიმინალის, ალ კაპონეს სახელს უკაშირდება, რომელსაც 1920-1933 წლებში მოქმედმა “მშრალმა კანონმა” საშუალება მისცა, კოლოსალური თანხები კონტრაბანდის გაყიდვით მიეღო. იყო ალკოჰოლური სასმელების წარმოების, იმპორტის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის აკრძალვის შემდეგ, კრიმინალურმა დაჯგუფებებმა აკრძალული პროდუქტის გაყიდვით მიღებული მოგების ლეგალიზება მის კანონიერი ბიზნესის შემოსავლებთან შერევით გადაწყვიტეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იტალიური მაფიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი ერთ-ერთი იყო, ვინც ფულის გათეთრებისთვის მოქმედ სამრეცხაოებს ყიდულობდა; ვარაუდობენ, რომ ალ კაპონემ სხვადასხვა ბიზნესის მეშვეობით 1 მილიარდი დოლარი გაათეთრა.
მართალია, ფულის გათეთრების უფრო რეალური და ფაქტებით დადასტურებული ისტორიები ნაკლებად გლამურულია, თუმცა თითოეულმა მათგანმა მსოფლიო ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, ე.წ. AML პოლიტიკის შემუშავებამდე მიიყვანა. სხვადასხვა დროს ამ ისტორიებმა შეძრეს ფინანსური სისტემები, მოქმედი ფიგურები კი ინდუსტრიის ყველაზე ცნობად სახეებად აქციეს.
Wachovia Bank-ის სკანდალი
ერთ-ერთი ასეთი ბიძგი ფინანსურმა სამყარომ 2010 წელს იგრძნო, როცა Wachovia Bank-ს მექსიკური ნარკოკარტელების სახელით, 380 მილიარდ დოლარზე მეტის გათეთრებისთვის, 160 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ისტორია 2006 წელს, მექსიკიდან იწყება, სადაც 10 აპრილს სამგზავრო თვითმფრინავი დაჯდა, რომელსაც 100 მილიონი დოლარის ღირებულების 5.7 ტონა კოკაინი გადაჰქონდა. სწორედ აქედან დაიწყო ისტორიაში ფულის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქმის გამოძიება. აღმოჩნდა, რომ ოპერაციის უკან მდგომი ნარკომოვაჭრეები, აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, Wachovia-ს მეშვეობით გათეთრებულ თანხებს იყენებდნენ. გამოძიებამ საბანკო გადარიცხვების, სამგზავრო ჩეკებისა და ნაღდი ფულის გზავნილების რთული ქსელი გამოავლინა, რომლებიც მექსიკური ბირჟების მეშვეობით Wachovia-ს ანგარიშებზე გადადიოდა.
2010 წლის მარტში ბანკს ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული ტრანზაქციების დაშვებისთვის 110 მილიონი დოლარი, ხოლო 22 ტონა კოკაინის გადაზიდვისთვის გამოყენებული ნაღდი ფულის სათანადო მონიტორინგის გაუწევლობისთვის, დამატებით 50 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრა. მაშინ აშშ-ის ფედერალური პროკურორი აღნიშნავდა, რომ Wachovia-ს მიერ საბანკო კანონების აშკარა უგულებელყოფამ კოკაინის საერთაშორისო კარტელებს ოპერაციების დასაფინანსებლად, ფაქტობრივად, კარტ-ბლანში მისცა.
2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ ფულის გათეთრებასა და სხვა ფინანსურ დანაშაულებში ლონდონში ბაზირებული მრავალეროვნული ბანკი – HSBC ამხილა. მტკიცებულებით დასტურდებოდა, რომ, სათანადო კონტროლის არარსებობის გამო, HSBC-მ თავის საბანკო ანგარიშებზე კარტელებისა და ტერორისტული ორგანიზაციების მილიარდობით დოლარის უკანონო თანხების ტრანზაქცია უზრუნველყო.
აღმოჩნდა, რომ მათ 880 მილიონ დოლარზე მეტი გათეთრება დაუშვეს, ნარკოკარტელებისა და სანქციების ქვეშ მყოფი ირანისა და სირიისთვის.
HSBC-ის წინააღმდეგ მარეგულირებელი და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არაერთი გამოძიება დაიწყო. 2012 წელს ბანკმა აშშ-ის ხელისუფლებასთან გადავადებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, ბანკი ჯარიმის გადახდას და ფინანსური დანაშაულების თავიდან ასაცილებლად რეფორმების გატარებას დასთანხმდა. საბოლოოდ, HSBC-ს 1.9 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შოკის მომგვრელი და მასშტაბური სკანდალი 2007-2015 წლებში Dankse Bank-ს (დანიური ბანკი) უკავშირდება, როდესაც კოპენჰაგენში ბაზირებული ბანკის ესტონური ფილიალის მეშვეობით ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა რუსეთი, ლატვია და ესტონეთი, 200 მილიარდი ევროს ოდენობის საეჭვო ტრანზაქციები განხორციელდა.
ტალინის ფილიალი დანიურმა ბანკმა 2007 წელს, ფინურ Sampo Bank-თან შერწყმის შემდეგ მიიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ესტონეთის წარმომადგენლობის მმართველი გუნდი კორუმპირებული იყო, Dankse Bank-ის ხელმძღვანელობის მხრიდან კომუნიკაციისა და ზედამხედველობის ნაკლებობის გამო კი, არსებული პრობლემები ადრეულ სტადიაზე ვერ გამოვლინდა. მაგალითად: შერწყმის მიუხედავად, ესტონური ოფისი საკუთარ IT სისტემას იყენებდა. ამასთან, დოკუმენტაციის დიდი ნაწილი ესტონურ ან რუსულ ენებზე ივსებოდა, რის გამოც დანიური მხარე მათ ლეგიტიმურობას ვერ აკონტროლებდა.
ესტონურ ოფისში კორუფციაზე ინფორმატორები წლების განმავლობაში საუბრობდნენ დახურულ კარს მიღმა. 2013 წელს გავრცელდა ცნობები, რომ ბანკი პუტინის ოჯახთან და FSB-სთან თანამშრომლობდა. ამავე წელს, ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევის გამო, JP Morgan-მა ბანკს ყველა მომსახურება შეუჩერა. 2015 წელს იგივე გაიმეორა სხვა მსხვილი საერთაშორისო ბანკების უმეტესობამ. აშშ-ის ხელისუფლებამ ბანკს 2 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა.
შედეგად, ბანკის აქციების ფასი განახევრდა, აღმასრულებელი დირექტორი თომას ბორგანი თანამდებობიდან გადადგა და დანიის მთავრობამ მას და კიდევ ორ სხვა პირს ბრალი წაუყენა. მას შემდეგ დანიამ ფულის გათეთრებისთვის დაწესებული სასჯელები მნიშვნელოვნად გაზარდა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გახადა.
