გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ჩატარდა

26 იანვარს ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა (UPR) ჩატარდა.
ჟენევაში გამართულ განხილვაზე საქართველოს დელეგაციას „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომაროება კრიტიკულად შეაფასა თითქმის ყველა დასავალურის ქვეყნის წარმომადგენელმა და არამარტო მათ. მათ შორის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, ნორვეგია და ა.შ.
ქვეყნები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ, ყურადღებას ამახვილებდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევებზე, რეპრესიულ კანონებზე, მათ შორის: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე და გრანტების შესახებ კანონზე, მაუწყებლობის შესახებ კანონზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, ასევე ლგბტქ პირების უფლებების დაცვაზე.
საქართველოსადმი მოწოდებებს შორის იყო: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
თუმცა იყვნენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ გატარებულ პოლიტიკას იწონებდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, რუსეთის წარომადგენელი, რომელმაც დადებითად შეაფასა თბილისის მიერ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევა.
საქართველოს დელეგაციაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეც, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება სრულად დაცულია და აქციების ძალადობრივი დაშლისას საპოლიციო ძალები საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალასა და სპეციალური საშუალებებს იყენებდნენ.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა ხათუნა თოთლაძემ. მისი თქმით, არასწორია, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი საქართველომ შეაჩერა, ვინაიდან საქართველოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენონ.
ჟენევაში მიმდინარე სხდომის პარალელურად განცხადება გაავრცელა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რეპრესიული კანონების გაუქმებისაკენ მოუწოდა.
UPR სამუშაო ჯგუფი საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების მიღებას 30 იანვარს გეგმავს. საქართველოს შეუძლოა გამოხატოს თავისი პოზიცია მისთვის მიცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
UPR არის გაეროს ყველა, 193 წევრი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თანასწორთა მიერ მიმოხილვა. 2008 წლის აპრილში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, გაეროს 193-ვე წევრი სახელმწიფო სამჯერ იქნა მიმოხილული.
რაც შეეხება საქართველოს, ის უკვე მეოთხედ მოექცა შემოწმების ქვეშ. საქართველო არის ერთ-ერთი იმ 13 სახელმწიფოს შორის, რომელთა მიმოხილვაც დაგეგმილია UPR სამუშაო ჯგუფის მიერ მომავალ სესიაზე, რომელიც 2026 წლის 19-დან 30 იანვრამდე გაიმართება. საქართველოს პირველი, მეორე და მესამე UPR მიმოხილვები 2011 წლის იანვარში, 2015 წლის ნოემბერსა და 2021 წლის იანვარში ჩატარდა.
UPR სამუშაო ჯგუფი შედგება ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოსგან. თუმცა გაეროს ნებისმიერ წევრ ან დამკვირვებელ სახელმწიფოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მიმოხილვაში.
დოკუმენტები, რომლებსაც მიმოხილვები ეფუძნება, არის: 1) ეროვნული ანგარიში – მიმოხილვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია; 2) ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ჯგუფების ანგარიშებში (ცნობილია როგორც სპეციალური პროცედურები), ადამიანის უფლებათა ხელშეკრულების ორგანოებისა და გაეროს სხვა სტრუქტურების მიერ; 3) სხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, რეგიონული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
UPR არის გაეროს ყველა 193 წევრი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თანასწორთა მიერ მიმოხილვა (peer review). 2008 წლის აპრილში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, გაეროს 193-ვე წევრი სახელმწიფო სამჯერ იქნა მიმოხილული. მეოთხე UPR ციკლის განმავლობაში სახელმწიფოებისგან კვლავ მოელიან იმ ნაბიჯების გაწერას, რომლებიც მათ გადადგეს წინა მიმოხილვების დროს მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად (რომელთა შესრულების ვალდებულებაც მათ აიღეს) და ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ბოლოდროინდელი განვითარების ხაზგასმას.