გაერთიანებული სამეფო ერთჯერად ელექტროსიგარეტებს აკრძალავს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თანახმად, არასრულწლოვანთა შორის ელექტრონული სიგარეტების (ვეიპი) მოხმარების ზრდის შესაფერხებლად ერთჯერად ელექტროსიგარეტებს აკრძალავს. კანონი მთლიანად გაერთიანებულ სამეფოში იმოქმედებს.
“როგორც ნებისმიერმა მშობელმა ან მასწავლებელმა იცის, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ტრენდი ბავშვებში ვეიპინგის (ელექტროსიგარეტების მოხმარება) ზრდა არის და, ამიტომ, უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ენდემური გახდება”. – თქვა რიში სუნაკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა.
18 წლამდე პირებისათვის ნებისმიერი სახის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა ქვეყანაში უკვე აკრძალულია. თუმცა, მთავრობის თქმით, ერთჯერადი ელექტროსიგარეტები, რომლებიც მრავალჯერადებისგან განსხვავებით უფრო ფერად და მცირე შეფუთვაში იყიდება, “ახალგაზრდებში ვეიპინგის შემაშფოთებელი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია”.
მთავრობამ გადაწყვეტილება წინა წლის საჯარო გამოკითხვის შემდეგ მიიღო, რომლის რესპონდენტთა 70%-მა ერთჯერადი ელექტროსიგარეტების აკრძალვას მხარი დაუჭირა.
ერთჯერადი ვეიპების აკრძალვასთან ერთად, მათი ალტერნატივები, მაგალითად ნიკოტინის ფაუჩები, ასევე აიკრძალება არასრულწლოვანებისთვის. ფაუჩები შეიცავენ ნიკოტინს, მაგრამ არა თამბაქოს, ამიტომ ამჟამად მათი მიყიდვა 18 წლამდე პირებისთვის ნებადართულია.
ამასთან, გაერთიანებული სამეფო ელექტროსიგარეტების არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი მარკეტინგის აღსაკვეთად დამატებით ზომებს მიიღებს.
მრავალჯერადი ელექტრონული სიგარეტების კანონიერად გასაყიდად, საჭირო იქნება ნაკლებად მიმზიდველი შეფუთვის გამოყენება. ასევე აიკრძალება ბავშვებზე გათვლილი არომატებით, მაგალითად, სარცხობელების, ჯემისა და ენერგიული სასმელების გემოთი, ელექტროსიგარეტების გაყიდვა.
მართალია, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სიგარეტის მოწევა, თუმცა გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის (NHS) თქმით, მისი მოხმარების გრძელვადიან რისკებზე არასაკმარისი ინფორმაცია გვაქვს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება აკრძალვა.
ზომების უმეტესობას მთავრობა უესტმინსტერის კანონმდებლობით მიიღებს, თუმცა ერთჯერადი ელექტროსიგარეტების ასაკრძალად შოტლანდიის ჩართულობაცაა საჭირო, რაზეც შოტლანდიის მთავრობის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს. აკრძალვის დასაწესებლად შოტლანდიის პარლამენტისთვის გადაცემული ხელისუფლება იქნება გამოყენებული.
გაერთიანებული სამეფოს ვეიპინგის ინდუსტრიის ასოციაციამ (UK Vaping Industry Association) გადაწყვეტილება გააკრიტიკა. განცხადებაში წერია, რომ ასოციაცია “შეშფოთებულია” და ერთჯერადმა ელექტროსიგარეტებმა “მილიონობით ზრდასრულისთვის სიგარეტებისთვის თავის დანებებასა და შემდგომ შეკავებაშიც გადამწყვეტი როლი შეასრულეს”.
“მართალია, ახალგაზრდობისთვის ვეიპინგისადმი წვდომის შეჩერება მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ნაბიჯი უფრო მეტად მთავრობის მხრიდან ხმების გულისთვის ვეიპერების სასოწარკვეთილ მსხვერპლშეწირვას ჰგავს”. – წერია ასოციაციის განცხადებაში.
მანამდე, 2023 წელს გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირებისთვის სიგარეტების გაყიდვა სრულად აიკრძალებოდა, რათა “თაობა მოწევის გარეშე” ჩამოყალიბებულიყო.