გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს

თბილისში საქმიანობის დაწყებიდან ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ – ასე აფასებს ბრიტანელი დიპლომატი გარეტ უორდი თბილისში გაერთიანებული სამეფოს ელჩად მუშაობის პირველ თვეებს.
„ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა მკვეთრად გააუარესა. მისი თქმით, ოფიციალური ლონდონი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს.
როგორ აფასებს გაერთიანებული სამეფო საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას და როგორია ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსებში გაწევრიანების პერსპექტივები – ამ და სხვა თემებზე გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
– თქვენ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩად მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნეთ. როგორ შეაფასებდით საქართველოში მუშაობის რამდენიმე თვეს? რა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მოგიწიათ მუშაობა და როგორია თქვენი, როგორც გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური წარმომადგენლის პოზიცია ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე?
– საქართველოში ელჩობისთვის მზადება გასულ წელს დავიწყე. იმ დროისთვის ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუ რისი მიღწევაც შეგვეძლო ერთად. საქართველო ევროატლანტიკურ კურსს მიყვებოდა და მისი ეკონომიკური პერსპექტივაც ძლიერი იყო და იმედი მქონდა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებდით. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ერთ-ერთი მხარდამჭერია კიბერუსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. შესაბამისად, მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და თბილისში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს, რაც მეც საშუალებას მომცემს დავიბრუნო ოპტიმიზმი.
– საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ქვეყნის საგარეო ვექტორია. უკვე ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვია. როგორ აფასებს ოფიციალური ლონდონი საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას?
– დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა.
ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. ს შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას.
– ევროპელი პოლიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ მოცემულობით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თქვენ რას იტყოდით იმ მოცემულობაზე, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსებში გაწევრიანების პერსპექტივამ ბოლო დროს უკანა პლანზე გადაიწია?
– დიდი ბრიტანეთი უშუალოდ არ არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და იმ რეფორმებს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს წამყვანი მოკავშირეა და ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების როლს ვასრულებთ საქართველოში. ბრიტანეთი ასევე ატარებს სამხედრო წვრთნების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მაგრამ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, ის პოლიტიკური გაერთიანებაცაა. შესაბამისად, ნატო-ში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თავისუფალი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით.სწორედ ამიტომ გამოთქვა შეშფოთება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შეუსაბამოა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.
– საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ორ კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი. როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს?
– ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს საკუთარი მთავრობა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებში. ეუთო / ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიაში 50 დამკვირვებელი იქნება დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან. ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ არჩევნებზე, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა, რომ მათი ხმა საარჩევნო ყუთთან დაფიქსირდება.
– პირველი აგვისტოდან საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდა. თქვენ ეს კანონი რამდენჯერმე ახსენეთ, თუმცა მინდა აღნიშნულ საკითხს ცალკე კითხვითაც შევეხოთ. კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას ავალდებულებს იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. სწორედ მისი შინაარსის გამო, კანონი პარტნიორების კრიტიკას იწვევს. იქნებ განმარტოთ, კონკრეტულად, რა მიგაჩნიათ დემოკრატიასთან შეუთავსებლად, როცა აღნიშნულ კანონზეა საუბარი?
– ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი აზიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას საქართველოში. ის არის არაპროპორციული და ახშობს სიტყვის თავისუფლებას, ასევე სტიგმატიზაციას უკეთებს მათ, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს.
– 3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა, რასაც თქვენ „სამწუხარო“ უწოდეთ და სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ის „ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“. რა გაძლებთ იმის საფუძველს, იფიქროთ, რომ ის რისკის შემცველია საქართველოს მოქალაქისთვის?
– კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებების და არასწრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ დისკრიმინაციულია უმცირესობათა მიმართ და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჩემი გამოცდილებით, საქართველო არის ტოლერანტული საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებით და ეს კანონები ეწინააღმდეგება ამას, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც განმტკიცებულია ევროპის საბჭოს მიერ.
ბექა ბერიაშვილი
„ინტერპრესნიუსი“

ასევე დაგაინტერესებთ