გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ლიდერები 10 ივლისს ლონდონში შეხვდნენ ერთმანეთს და მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უდიდესი ყურადღება გლობალურ საკითხებსა და თავდაცვას ეთმობა.
საგარეო პოლიტიკისა და გლობალური საკითხების თავში აღნიშნულია:
“გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი იზიარებენ ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი. საერთაშორისო კონტექსტში, რომელშიც ეს ღირებულებები სულ მეტად არის საფრთხის ქვეშ, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, როგორც წამყვანი ევროპული ქვეყნები, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები და ღია დემოკრატიები, იზიარებენ ამ მიზნებისა და ღირებულებების დაცვის პასუხისმგებლობას”.
ორი სახელმწიფოს ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ “პრინციპულ პოზიციას”, რომ არ დაუშვებენ “რუსეთის გამარჯვებას მის უკანონო აგრესიის ომში, ასევე ერთგულები ვართ უკრაინისთვის ხანგრძლივი დახმარების გაწევაში, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებით, რომლებიც დაიცავს მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს”, – აღნიშნულია კირ სტარმერისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაში.
დოკუმენტში აგრეთვე ვკითხულობთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველყოფის განზრახვაზე:
“მივესალმებით სრულყოფილი ოპერატიული გეგმების შემუშავებას დაპირისპირების შეჩერების შემდეგ უზრუნველმყოფი ძალების განთავსებაზე, უკრაინის ცისა და ზღვის დაცვაში დახმარებასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების განსაახლებლად”.
გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი თანხმდებიან, დაიცვან ლა- მანშის სრუტე რუსეთის ნავთობის გადამზიდავი “ჩრდილოვანი ფლოტისგან”:
“შევთანხმდით, წამოვიწყოთ პარტნიორობა ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, ლა-მანშის სრუტეში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საშიში გემების გადაადგილების აღსაკვეთად, ამ გემებით რუსეთის ნავთობიდან შემოსავლების შესამცირებლად და ჩვენი საზღვაო უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, შევეცდებით მივაღწიოთ ნედლ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწევას, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს რუსეთის ნავთობის შემოსავლებს, რომლებსაც ის იყენებს ბარბაროსული ომის საწარმოებლად”.
პარტნიორი ქვეყნები მიმართავენ ძალისხმევას რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების მასალისა და იარაღის მიწოდების წინააღმდეგაც:
“გავაძლიერებთ ერთობლივ ძალისხმევას მესამე ქვეყნებში არსებული კომპანიების მიერ რუსეთისთვის ორმაგი გამოყენების კომპონენტებისა და იარაღის მიწოდების აღსაკვეთად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის, რადგან ის არ თანხმდება მშვიდობას”.
ერთობლივი დეკლარაცია შეეხება აგრეთვე ევროპის სამეზობლოსაც და ამ ნაწილში არ არის მოხსენიებული საქართველო:
“მოწოდებული ვართ, დავიცვათ დემოკრატია და სტაბილურობა ევროპის უფრო ფართო სამეზობლოში და შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ დასავლეთ ბალკანეთსა და მოლდოვაში მედეგობის გაძლიერების მხარდასაჭერად.
მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასრულებას და მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი შეთანხმებას”.
საერთო საფრთხეებთან გამკლავებასა და ნატოს თავდაცვისუნარიანობის უფრო ეფექტიანად ხელშეწყობისთვის, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი თანხმდებიან უფრო ძლიერ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – ბირთვული ძალების კოორდინაციის საკითხში:
“გადავწყვიტეთ, შევქმნათ გაერთიანებული სამეფო-საფრანგეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ბირთვულ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკის, შესაძლებლობებისა და ოპერირების კოორდინაციას”.
კირ სტარმერისა და ემანუელ მაკრონის მიერ განხილულ უმთავრეს თემებს შორის იყო უკანონო მიგრაციის საკითხზე თანამშრომლობაც.
ფორუმი
