“გადაწყვეტილების მიღების დროა, მობრძანდით კომპრომისის სულისკვეთებით, ჩვენ უნდა შევასრულოთ ვალდებულებები უკრაინის მიმართ” | მიშელის წერილი EU-ს ლიდერებს

“გადაწყვეტილების მიღების დროა, მობრძანდით კომპრომისის სულისკვეთებით, ჩვენ უნდა შევასრულოთ ვალდებულებები უკრაინის მიმართ” | მიშელის წერილი EU-ს ლიდერებს
წინ გადამწყვეტი ევროპული საბჭო გველის. ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ კომპრომისის სულისკვეთებით, კოლექტიური პასუხისმგებლობის გრძნობით. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ბრიუსელში – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილში, რომელსაც ის ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, სამიტზე მისაწვევად უგზავნის.
მიშელი წერს, რომ ევროკავშირმა უკრაინის მიმართ საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს და გაერთიანება ახლა “თამამი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე” დგას. მიშელი აღნიშნავს, რომ უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვისაც:
“2022 წლის 24 თებერვალი გარდამტეხი იყო ევროპის ისტორიაში. ჩვენს კონტინენტზე ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ არაერთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად და პარალელურად ევროპის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. ცხრამეტი თვის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგავართ თამამი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე. ისინი საჭიროებენ ჩვენს კოლექტიურ ძალას და მონდომებას და სითამამეს სწორი არჩევანის გასაკეთებლად. ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები უკრაინის მიმართ და ვიყოთ საიმედო და ძლიერი პარტნიორი. ჩვენ უნდა მივაწოდოთ ს მუდმივი და მდგრადი პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და, კერძოდ, მივაღწიოთ შეთანხმებას მისი გრძელვადიანი სტაბილურობისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე. ჩვენ ასევე უნდა დავთანხმდეთ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, რითიც მას აუცილებელი სიგნალი მივცეთ და კიდევ უფრო დავაახლოოთ იგი ჩვენს ევროპულ ოჯახთან. ჩვენ ასევე უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წევრობის სხვა პრეტენდენტებისთვის. ამავე დროს, ვიმუშაოთ, რათა ჩვენი კავშირი იყოს მზად მომავლისთვის და ახალი წევრების მისაღებად… მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სწრაფად განხორციელდეს კავშირის მიზნები თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის შესახებ. ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ თავდაცვის შიდა ბაზრის შექმნაზე, რაც გადამწყვეტია ამ სფეროში ჩვენი კავშირის გასაძლიერებლად.” ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.
სამიტი ბრიუსელში 14-15 დეკემბერს იმართება და ევროკავშირის გაფართოების საკითხებთან ერთად, განხილვის თემა იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.