გადაუხდელმა გადასახადმა ბრიტანეთის მთავრობის მეორე პირი შეიწირა

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი, ანჯელა რეინერი თანამდებობიდან გადადგა ორი დღის შემდეგ, რაც აღიარა, რომ, ბინის შეძენისას, გადასახადი მთლიანად არ გადაიხადა. კირ სტარმერის ლეიბორისტული მთავრობისთვის, რომელიც ისედაც სირთულეების წინაშე დგას, ეს გადადგომა დამატებით დარტყმად აღიქმება.
იმის გათვალისწინებით, რომ გაერთიანებულ სამეფოში ის კონსერვატორების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, ანჯელა რეინერის გადადგომა ანგელოზის დაცემად ნამდვილად არ მიიჩნევა.
თუმცა, როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, ლეიბორისტული პარტიის მემარცხენე ფრთაზე მყოფი „განსაკუთრებული ტრაექტორიის“ მქონე ფიგურის დაცემამ ხმაური მაინც გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ანჯელა რეინერმა, ქონების შეძენისას, 40,000 ფუნტი (46,050 ევრო) დაზოგა იმით, რომ თავის საარჩევნო ოლქში მდებარე სხვა ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტიდან საკუთარი სახელი ამოიღო. შედეგად, ახალი ბინა, ოფიციალურად, მისი ერთადერთი საკუთრება გახდა და ამიტომ, მან გადასახადი არ გადაიხადა.
სკანდალიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურისთვის გაგზავნილ წერილში, ანჯელა რეინერმა აუწყა მას, რომ „ვიცე-პრემიერისა და საბინაო პოლიტიკის მინისტრის (…), ასევე ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებიდან“ გადადგომას აპირებს.
45 წლის მემარცხენე ლეიბორისტი „ძალიან ნანობს თავის გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი რჩევისთვის საგადასახადო საკითხების სპეციალისტს არ მიმართა“.
„როგორც საბინაო პოლიტიკის მინისტრის და ჩემი ოჯახური მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით (…), მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ შეცდომაზე“, – განაცხადა მან ბინის შეძენის საკითხთან დაკავშირებით.
ბრიტანეთის მთავრობის ეთიკის საკითხების მრჩევლის დამოუკიდებელმა ანგარიშმა, რომელსაც რეინერმა თავისი მდგომარეობის შესახებ აცნობა, დაასკვნა, რომ მან მინისტრთა ქცევის „კოდექსი დაარღვია“.
კირ სტარმერმა გადადგომა „ღრმა მწუხარებით“ მიიღო, მაგრამ ირწმუნება, რომ ანჯელა რეინერი ლეიბორისტულ პარტიაში „მნიშვნელოვან ფიგურად“ რჩება.
ის ვიცე-პრემიერ მინისტრად და საბინაო პოლიტიკის მინისტრად 2024 წლის ივლისში, საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემდეგ დაინიშნა.
ბედის ირონიით, მისი კრახის მიზეზი სწორედ მის საკუთრებაში არსებულ სახლებთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.
ანჯელა რეინერი ბრიტანეთის მთავრობას იმ დროს ტოვებს, როდესაც მას, პარტიის რიგით წევრებში პოპულარობის გამო, ზოგჯერ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შესაძლო შემცვლელად კი ასახელებდნენ.
ანჯელა რეინერი ჩრდილოეთ ინგლისში, სოციალურ საცხოვრებელში გაიზარდა. ადრეულ ასაკში ის უვლიდა დედას, რომელიც ბიპოლარული აშლილობისგან იტანჯებოდა, წერა-კითხვა არ იცოდა და არ მუშაობდა.
იმისთვის, რომ სრულფასოვნად ეჭამა, ყველაფერს აკეთებდა, რომ მეგობრებს სახლში დაეპატიჟებინათ.
16 წლის ასაკში ის მარტოხელა დედა გახდა, წლების შემდეგ კი კიდევ ორი შვილი შეეძინა, რომელთაგან ერთი დღენაკლული და თითქმის უსინათლო იყო.
მან სკოლა თინეიჯერობისას მიატოვა. სოციალური ზრუნვის სფეროში მუშაობისას, თავის თავში პროფკავშირული მოძრაობაში საქმიანობის უნარები აღმოაჩინა, შემდეგ კი პოლიტიკაში წავიდა და ლეიბორისტული პარტიის იერარქიაში პარტიის მეორე პირის პოზიციამდე მივიდა. გაზეთი „გარდიანი“ იმასაც კი წერდა, რომ ანჯელა რეინერი „ტორებს (კონსერვატორებს) ძალიან აშინებს“.
„მე რეალური ცხოვრების დოქტორის ხარისხი მაქვს“, – ასე შეაფასა საკუთარი თავი რეინერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.
მისი თქმით, „მათ (კონსერვატორებმა) არ იციან, როგორ მესაუბრონ, რადგან, როგორც წესი, ჩემნაირ ადამიანებს არ ხვდებიან“.
კონსერვატიული მედიის ხშირი სამიზნე, ანჯელა რეინერი, 2024 წლის ზაფხულშიც მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც იბიცაზე წვეულებაზე გადაღებული მისი ფოტოებით ბრიტანული ტაბლოიდები „კარგად გამოიკვებნენ“.