კარგი, მომჭირნე დიასახლისი 8 ლარად მთელ თვეს აცხოვრებს ოჯახს და ხურდაც მორჩებაო – ნანული შევარდნაძის, საქართველოს მეორე პრეზიდენტის მეუღლის ამ ირონიულმა ფრაზამ, რომელიც დევნილების ყოველთვიური 8 ლარიანი დახმარების შესახებ თქვა, თავის დროზე საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, მერე კი ანეკდოტად იქცა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს ისმის განცხადებები დევნილების ყოველთვიური შემწეობის რეფორმირების, შეკვეცისა და გაუქმების შესახებ. ისედაც საეჭვო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებისთვის არაპოპულარული რეფორმა კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება, ხოლო სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული დევნილებისთვის 45 ლარიანი შემწეობის გაუქმების შიში ცხოვრების პირობების გაუარესებასთან ერთად, პოლიტიკური სტატუსის საბოლოოდ მოხსნის შფოთსაც უკავშირდება.
დევნილები დიდი ხანია სტატუსთან დაკავშირებული სოციალური შემწეობის რეოფორმას ელიან მთავრობისგან. მათთვის სასურველი რეფორმა ყოველთვიური 45 ლარიანი დახმარების გაზრდაა, განსაკუთრებით ინფლაციის ზრდისა და ცხოვრების დონის გაუარესების ფონზე. ჯერ კიდევ 2015 წელს სოციალურ ქსელში გვერდი გაჩნდა სახელწოდებით დევნილთა ყოველთვიური დახმარება – 100 ლარი, 2023 წელს “დევნილები დევნილებისთვის” მოძრაობის მიერ პეტიცია შეიქმნა ამ დახმარების საარსებო მინიმუმამდე (260.3 – 2024 წლის საქსტატის მონაცემით) გათანაბრების მოთხოვნით. მცირე დემონსტრაციები და სოციალურ ქსელში პასიური პროტესტი წლებია ახლავს ამ თემას.
დევნილთა სოციალური შემწეობის რეფორმირების ინტერესი “ქართული ოცნების” ხელსუფლებასაც გამოუხატავს. სხვადასხვა პოლიტიკოსის პირით არაერთხელ გაუჟღერებიათ დევნილთა სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირებისა და ხაჯების ოპტიმიზაციისკენ მიმართული რეფორმის საჭიროება. თუმცა, “ოცნების” მიერ დანახული რეფორმები ან იმ დევნილების რიცხვის შემცირებას გულისხმობს, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ, ან ამ დახამრების საერთოდ გაუქმებაა. თავდაპირველად ამისთვის, კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომ იმ დევნილს, ვისაც 1250 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი ან ვინც ქვეყანას ორ თვეზე მეტი ხნით დატოვებს, დახმარება შეუწყდება (აღდგენა შესძლებელია 1250 ლარი შემოსავლის არქონისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ).
2017 წელს გავრცელდა დოკუმენტის “დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტის” სამუშაო ვერსია, სადაც ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობის “რეფორმირების” ოთხი ალტერნატივა იყო განხილული. ოთხივე ალტერნატივა მიზნად ისახავდა: დევნილებისთვის 45 ლარიანი დახმარების შეწყვეტას; იმ დევნილების რაოდნეობის შემცირებას, ვინც ამ დახმარებას სტატუსის მიხედვით იღებს. დახმარების შეწყვეტის საფუძვლად სახელდებოდა ფიქსირებული შემოსავალი, კერძო საკუთრების ქონა ან გრძელვადიანი განსახლების პროგრამით სარგებლობა ან ასაკობრივი კატეგორია. მაგალითად, ის დევნილები რომლებსაც 1250 ან ნაკლები აქვთ შემოსავალი, ან ომის შემდეგ დაიბადნენ, ან პირები, ვისაც კრძო საკუთრებაში გადაეცათ ბინები, ან განსახლების პროგრამით უკვე ისარგებლეს, უნდა მოხსნილიყვნენ დახმარების მიმღებთა ჯგუფიდან. ამ დიფერენციაციის შედეგად სამინისტროს წარმომადგენლები და რეფორმის ავტორები უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილების დახმარებას და განსახლების პროცესის დაჩქარებას ასახელებდნენ.
განსახლების პროცესის დაჩქარებით, რეფორმის მომხრეები ფიქრობდნენ, რომ დევნილების უმუშევრობის პრობლემასაც მოაგვარებდნენ. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს რეფორმის ლოგიკა ვიზუალურად ასე გამოიყურებოდა:
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის ანგარიში, 2017
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის ანგარიში, 2017
რეფორმის მარტივად და ნათლად გასაგებად, საქართველოს მოქალაქეს შეეძლო ერთი მარტივი შეკითხვის დასმა: სახლის მქონე რამდენი მოქალაქე აღარ საჭიროებს სოციალურ დახმარებას ან რამდენმა დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა? ამ შეკითხვაზე პასუხი შესაძლებელია საქართველოს სოციალურად დაუცველთა ბაზის მონაცემებში იყოს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს 672,209 ადამიანი იღებდა დახმარებას.
დევნილების 45 ლარიანი ყოველთვიური დახმარება რიცხვებში ასე გამოიყურება. 2016 წლის მონაცემებით ოფიციალურად 273,944 დევნილი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 224,941იღებდა დევნილის შემწეობას, რაც ყოველთვიურად 10,122, 345 ლარს, ხოლო წელიწადში 121,000, 000 ლარს შეადგენდა.
დევნილთა შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვრდებზე მოიპოვება, რომელთა მიხედვით დღეს საქართველოში დაახლოებით, 290 000-მდე დევნილის სტატუსის მქონე პირია. უცნობია 2025 წლის მდგომარეობით რამდენი მათგანი იღებს 45 ლარიან დახმარებას და რამდენ ადამიანს აქვს 1250 ლარზე მეტი შემოსავალი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის 2017 წელს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დევნილთა მხოლოდ 3.4%-ის (9474 ადამიანს) შემოსავალი აღემატებოდა 1250 ლარს.
“ქართული ოცნების” ხელსუფლების მიერ სხვადასხვა დროს ბუნდოვნად წამოჭრილი რეფორმის საჭიროება არასდროს ითვალისწინებდა დევნილების გამოცდილებას და მათ მოსაზრებებს. მაგალითად, 2018 წელს მცირე მთავრობის ინიციატივის ფარგლებში, მაშინდელმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დევნილთა სამინისტრო გააუქმა. მაშინდელ არგუმენტსაც ხარჯების ოპტიმიზაცია წარმოადგენდა, თუმცა, შვიდი წლის შემდეგ დევნილების წინაშე მდგარი გამოწვევები არ გაუმჯობესებულა. მეტიც, დევნილები ფატალურ შემთხვევებამდე მიიყვანა მთავრობის პოლიტიკამ. ამდენად, ხარჯების ოპტიმიზაციის არგუმენტი ყოველთვის უფრო პრიორიტეტული იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის, ვიდრე დევნილების რეალური სოციალური კეთილდღეობა.
დევნილებისთვის ყოველთვიური 45 ლარიანი სოციალური დახმარება ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში, მისი მთავარი დანიშნულებაა მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილება. დევნილთა სოციალური დახმარება სხვადასხვა დროს 8, 14, 28 ლარს შეადგენდა. ბოლოს ის 2014 წელს 45 ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პროდუქცია გაზვირდა, ხოლო პარლამენტარების ხელფასები 152%-ით გაიზარდა, ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხი მხოლოდ დევნილების 45 ლარიან დახმარებას ეხება.
დევნილთა სოციალური მახასიათებლების შესახებ დეტალური საჯარო მონაცემები საჯაროდ არასდროს ყოფილა ხელმისავწდომი. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული. სოციალურად დაუცველ დევნილებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ყოველთვიურ 45 ლარიან დახმარებასა და სოციალურად დაუცველისთვის განკუთვნილ ფინანსურ დახმარებას შორის. ნაწილი მათგანი სოციალურ დახმარებას ირჩევს, რადგან 45 ლარზე მტია. ზოგიერთ შემთხვევაში კი დევნილები ამჯობინებდნენ 45 ლარიან დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველისთვის განკუთვნილი დახმარება უფრო მაღალია. ამის მთავარი მიზეზი დახმარების სტაბილურობაა – ის არ ექვემდებარება გადახედვას, შეჩერებას ან შეწყვეტას, რაც სოციალურად დაუცველთა ფინანსური დახმარებისგან განსხვავებით, უწყვეტობის და საიმედოობის განცდას აძლევს დევნილებს.
ამ თანხის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია პოლიტიკური ხასიათისაა. დევნილის სტატუსის ფლობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური უფლებები დევნილებს არამხოლოდ კავშირებს უნარჩუნებს საკუთარ წარსულთან, არამედ მომავლის გარკვეულ იმედსაც აძლევს. თუმცა, უკვე ათწლეულია, რაც 45 ლარიანი დახმარება დევნილებისთვის მხოლოდ მატერიალური მხარდაჭერა კი არა, არამედ მუდმივი შფოთვის წყაროცაა. სოციალური სტატისტიკის სიმწირისა და ბუნდოვანი რეფორმების ფონზე, დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმირების ინიციატივები არა მხოლოდ შემწეობის დაკარგვის, არამედ მთლიანად დევნილის სტატუსის გაუქმების შიშსაც აძლიერებს.
