გადარჩენილი ვარ, რომ ქართულ რძეს არ მოვიხმარდი, – ასე ეხმაურება BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საკონდიტრო „ფუსფუსის“ დამფუძნებელი, ნათია ყურშუბაძე „რძის სკანდალს“, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა აქტუალობას არ კარგავს.
საქმე ეხება „სოფლის ნობათის“ რძეში აფლატოქსინის აღმოჩენას და იქამდე “ყვარლის ბაგას” საკვებში ფრინველის ნაკელის გამოყენების გახმაურებაც. ფაქტებმა საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ამ მოვლენების ფონზე ბაზარზე არსებული მწარმოებელი კომპანიების მიმართ მომხმარებელთა ნაწილმა უნდობლობა გამოთქვა.
ყურშუბაძის ცნობით, ის საწარმოოდ მხოლოდ იმპორტირებულ რძეს მოიხმარდა. თუმცა, არაჟანს როგორც ოჯახისთვის, ისე საკონდიტრო ნაწარმისთვის ქართულს მოიხმარდა. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მეწარმემ გადაწყვიტა, რომ არაჟანიც იმპორტირებული პროდუქტით ჩაენაცვლებინა.
„გადარჩენილი ვარ, რადგან ქართულ რძეს არ მოვიხმარდი. ყოველთვის იმპორტირებულ რძეს ვიყენებდი და მომწონდა. არაჟანს მოვიხმარდი „აგროჰაბის“ როგორც ოჯახისთვის, ასევე საკონდიტრო მიმართულებით. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა საგონებელში ჩამაგდო და ქართული არაჟანი იმპორტირებულით ჩავანაცვლეთ. შესაბამისად, მე არ მქონია დაბრკოლება და პრობლემა წარმოებაში.
გულის წყვეტა მაქვს ძალიან დიდი და ძალიან ნაწყენი ვარ ქართულ კომპანიებზე, რომლებიც ბავშვებს, ჩვენ უდიერად მოეპყრნენ. ადამიანები საგონებელში და პანიკაში ჩააგდეს, რაც ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა“, – ამბობს ნათია ყურშუბაძე და დასძენს, რომ საქართველოში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ზოგადად ძალიან ცუდი მდგომარეობაა. რისი ამსახველი კადრებიც და ინფორმაციაც სოციალურ ქსელში მრავლად არის.
