,,გადაკეთებული მაყუჩი ხმაურს არ ნიშნავს. ხმაური დეციბელის საზომით ხელის მოწყობილობით უნდა გაიზომოს და თუ გადაჭარბება იქნება, ამ შემთხვევაში დაჯარიმდეს მძღოლი“- “ჩემი ქალაქი მკლავს”
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, ავტომობილების მეპატრონეები, ზედმეტი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
დოკუმენტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ასევე, ახალი რედაქციით, თუ მანამდე გადაკეთებულად ითვლებოდა მხოლოდ ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც თვითნებურად გადაკეთებული ჰქონდა ძარა, საწვავის ავზი ან ბუნებრივი აირის სისტემა, ახლა უკვე თვითნებურად გადაკეთებულად ითვლება ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც არაქარხნული მაყუჩი აქვს.
თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩის მქონე ავტომობილის მეპატრონე 200 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულათა სისტემიდან 30 ქულა დააკლდება.
ავტომოყვარულებს და კანონის ერთ-ერთ თანაინიციატორს, ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” მიაჩნიათ, რომ ქარხნული მაყუჩი თავისთავად ხმაურს არ ნიშნავს.
ხმაური დეციბელების საზომი ხელის აპარატით უნდა გაიზომოს და მძღოლი მხოლოდ დასაშვები დონის გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდეს.
„ავტომფლობელებისთვის ორი სახის შეზღუდვა დაწესდა; პირველი, ხმაურთან დაკავშირებული, რომელზედაც ჯარიმა ასი ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა. მეორე კანონი კი მაყუჩების ვიზუალურად გადაკეთებას უკავშირდება; საპატრულო პოლიციას შეუძლია ჯარიმა დაგიწეროთ და 10 დღით თქვენი ტრანსპორტი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს.
ავტომოყვარულებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ჩვენი პოზიციაც ასეთია, რომ უნდა დადგინდეს კონკრეტული დრო, ძირითადად ღამის მონაკვეთში, 23:00-იდან 08:00 საათამდე და დასაშვები დეციბელების ზღვარი, რაც ხელის დეციბელების საზომი აპარატით უნდა გაიზომოს.
ზოგადად, ქალაქში ხმაური ძალიან მწვავე პრობლემა იყო, რომელთან დაკავშირებითაც მოქალაქეები მუდმივად გვწერდნენ და სოციალური კამპანიებიც გვქონდა, თუმცა „ვიზუალურ მაყუჩებთან“ ჩვენ კავშირი არ გვქონია. გადაკეთებული მაყუჩი არ ნიშნავს ხმაურს, იგი დეციბელის საზომით უნდა იზომებოდეს და თუ გადაჭარბება იქნება, ამ შემთხვევაში დაჯარიმდეს მძღოლი“,- აღნიშნა ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ.
