გადაიხედება მიგრაციის 5 ძირეული რეგულაცია | ევროსაბჭო და ევროპარლამენტი მიგრაციისა და თავშესაფრების შესახებ ახალ წესებზე შეთანხმდნენ

ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციისა და თავშესაფრების მაძიებელთა მართვის შესახებ ახალ წესებზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭო ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, საბჭომ, რომელსაც ესპანეთი თავმჯდომარეობს, და ევროპარლამენტმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გადაიხედება მიგრაციის ხუთი ძირეული რეგულაცია, რაც საფუძვლიანად შეცვლის საკანონმდებლო ბაზას თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ.
“ევროკავშირი ასრულებს დაპირებას თავშესაფრისა და მიგრაციის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. ევროკავშირის მოქალაქეებს სურთ, რომ მათმა მთავრობებმა მოაგვარონ მიგრაციის გამოწვევები. დღეს ეს არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ეს რეფორმა ამ თავსატეხის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირი ერთგულად გააგრძელებს მიგრაციის ძირეული გამოწვევების მოგვარებასა და მიგრაციის წარმომშობ თუ ტრანზიტულ ქვეყნებთან თანამშრომლობას”, – ვკითხულობთ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესის განცხადებაში.
ხუთი რეგულაცია, რომელზეც პარლამენტი და ევროსაბჭო შეთანხმდნენ, თავშესაფრისა და მიგრაციის ყველა ეტაპს შეეხება, მათ შორის: ევროკავშირში ჩასული არალეგალური მიგრანტების სკრინინგს, ბიომეტრიული მონაცემების აღებას, თავშესაფრის განცხადებების მიღებასა და განხილვის პროცედურას, ასევე კრიზისული სიტუაციების მოგვარების წესსა და რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი ქვეყანა მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს.
როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, დამტკიცების შემთხვევაში, ახალი მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი სისტემა ბევრად უფრო ეფექტური, მოქნილი და ჩქარი იქნება. ახალი წესები საბოლოოდ კვლავ ევროსაბჭომ უნდა დაამტკიცოს.

ასევე დაგაინტერესებთ