გადაიჭრა თუ არა თხილის სექტორში ფაროსანას პრობლემა? – მეწარმის განმარტება

ფაროსანა ქართული თხილის სექტორისთვის კვლავაც სერიოზულ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ თხილის საწარმო “აგრითრეიდის” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” დამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
„ფაროსანას პრობლემა ჯერჯერობით ჩვენთან მაინც რჩება. დასავლეთ საქართველოში ის განსაკუთრებით მძვინვარებს და მოსავლიანობაზე ჯერაც ახდენს გავლენას. 2016-2018 წლებში ფაროსანამ ფაქტობრივად გაგვინახევრა მოსავალი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი იყო როგორც ფერმერებისთვის, ისე ექსპორტიორებისთვის“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, ამ წლებში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებისთვის ხარისხიანი თხილის მიწოდება უჭირდა. ამასთან, შეუძლებელი ხდებოდა მათთვის იმის დამტკიცება, რომ ქართულმა თხილმა ამ გამოწვევის პერიოდში მაინც შეძლო სტანდარტების დაკმაყოფილება.
„ვეღარც ვაჯერებდით უკვე მათ, რომ შეიძლებოდა ამ პრობლემის ჭრილში კარგი ხარისხის თხილი გვეწარმოებინა. თუმცა, დღეს მაგალითად, აფლატოქსინის გამო აღარ არის მობრუნებები. შევძელით, რომ მოვლა-დაბინავებისა და შენახვის პირობები გაგვემართა“, – აღნიშნა სალუქვაძემ.
მისი თქმით, ფაროსანასთან ბრძოლა კვლავ გრძელდება და სიფრთხილე განსაკუთრებით საჭიროა: „ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც ერთი წამლობა შეგვიძლია გამოვტოვოთ. აუცილებელია, რომ ფერმერებმა დროულად და ზუსტად ჩაატარონ ყველა დაგეგმილი წამლობა. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ მავნებლის გავლენა შევამციროთ და მოსავალი მაქსიმალურად დავიცვათ“, – თქვა მან.
სალუქვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას პრობლემა დღეს უკვე მართვადია, იგი მაინც რჩება სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკად. ამიტომაც სისტემური და უწყვეტი პრევენციული ღონისძიებები კვლავაც კრიტიკულად აუცილებელია.