გადაიზრდება ქუჩის წინააღმდეგობა პოლიტიკურ ცვლილებებში? – ახალგაზრდა პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ვკითხეთ

პრო-ევროპული დემონსტრაციების 139-ე დღეს, რადიო თავისუფლებამ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, სტუდენტებს – ერთი სიტყვით, პროტესტის მონაწილეებს ჰკითხა – მათი აზრით, რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ქუჩის წინააღმდეგობა პოლიტიკურ ცვლილებებში გადაიზარდოს?
პრო-ევროპული პროტესტის მონაწილეების განწყობები ქუჩაში ხალხის რაოდენობის შესაბამისად იცვლება ხოლმე. იმ დღეს, როცა რუსთაველზე ბევრი ადამიანი დგას, კმაყოფილების ტალღა იმატებს, მაშინ, როცა პროტესტი იკუმშება კმაყოფილებას კრიტიკა, ფრუსტრაცია და იმედგაცრუება ენაცვლება.
რაც უფრო იწელება პროტესტი, მით უფრო მოუთმენელი ხდება ხალხიც. მათ მოლოდინებს ვერც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პასუხობენ და მმართველი „ქართული ოცნებაც“ ხაზგასმულ ცინიზმს აგებებს – ამკაცრებს კანონმდებლობას და აკნინებს პროტესტის შინაარსს.
“დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე”, – ტოლობის ნიშანი დასვა სადავო პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ რუსეთსა და პრო-ევროპული დემონსტრაციების მონაწილეებს შორის.
იგივე გააკეთა სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ქართველი დემონსტრანტები როდიონოვის ნიჩბიან ჯარისკაცებთან გააიგივა.
პრო-ევროპული დემონსტრაციების 135-ე დღეს, რადიო თავისუფლებამ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, სტუდენტებს – ერთი სიტყვით, პროტესტის მონაწილეებს ჰკითხა –
– მათი აზრით, რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ქუჩის წინააღმდეგობა პოლიტიკურ ცვლილებებში გადაიზარდოს?
განსხვავებული პასუხების მიუხედავად, რესპონდენტებს რამდენიმე საერთო დაკვირვება აღმოაჩნდათ.
· პირველი: პრო-ევროპულ წინააღმდეგობას სტრატეგიის დეფიციტი აქვს;
· მეორე: ოპოზიცია მოლოდინებს ვერ პასუხობს;
· მესამე: „ქართული ოცნება“ ძლიერი კონკურენტია მთავარი იარაღით – „პროპაგანდით“ ხელში;
· მეოთხე: კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი ახალი პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბება შეიძლება გამხდარიყო;
· მეხუთე: დღის წესრიგი პროტესტმა და არსებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა შექმნას და არა „ქართულმა ოცნებამ“.
„უნდა ვთქვათ, რომ აჯანყებულები ვართ ხელისუფლების წინააღმდეგ“ – ბადრი ოკუჭავას დაუმორჩილებლობის თეორია
ბადრი ოკუჭავა საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიაში მუშაობს. ის იკვლევს საქართველოს უახლეს ისტორიას – ქართული ნაციონალიზმის ჩამოყალიბებას, პირველი რესპუბლიკის შექმნას და საქართველოს ოკუპაციას, 80-90-იანი წლებსა და ეროვნული მოძრაობის დაბადებას.
აკადემიური საქმიანობის პარალელურად, მონაწილეობს დემონსტრაციებში, მხარს უჭერს პროტესტს, თუმცა ხედავს, რომ პოლიტიკური მოვლენების სხვადასხვაგარი განმარტება ხელს უშლის პროტესტს მიზანს მიაღწიოს.
„პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ რაც არ უნდა შეფუთოს ძალაუფლების მიმთვისებელმა ხელისუფლებამ თავისი თავი, როგორც ეროვნული, როგორც რაღაცა ღირებულებების მატარებელი და დამცველი, ისინი რუსული ძალა არიან, ქართული გვარებითა და დიდი ფულით.
ჩვენ კი არ უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების ოპოზიციაში ვართ, არამედ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აჯანყებულები ვართ ხელისუფლების წინააღმდეგ და არ ვემორჩილებით მის კანონებს“.
ის ფიქრობს, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები შეცდომას უშვებენ, როდესაც გადასარჩენად საკანონმდებლო ხვრელებს ეძებენ. მისი აზრით, ერთადერთი სწორი გზა იყო და არის „დაუმორჩილებლობა“.
„როცა რუსული კანონი მიიღეს, ჩვენ ორგანიზაციაში დავიწყეთ ფიქრი, როგორ დაგვეღწია ამ კანონიდან თავი და როგორ გამომძვრალიყავით ამ კანონის შეზღუდვებისგან. ჩვენ მაგაზე კი არ უნდა დაგვეწყო ფიქრი, ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ არ ვემორჩილებით ამ კანონს და არ გვაინტერესებს საოკუპაციო რეჟიმი, რა კანონს მიიღებს.
ვინმეს ჭკუა თუ მოეკითხებოდა, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამაზე არ გაჩერდებოდნენ და რა ხვრელიც არ უნდა გვეპოვა, მიიღებდნენ ისეთ კანონს, რომელიც დაახშობდა ყველანაირ ხვრელს. მართლაც ასე მოხდა.
თავის დაღწევის საშუალება აღარ გვაქვს ამ კანონებიდან და მაშინ რა ვქნათ? ერთადერთი კანონიერი გზა კანონებისადმი დაუმორჩილებლობის გზაა“.
მისი აზრით, მმართველი პარტია დროსთან ერთად წნეხს კიდევ უფრო გაზრდის, რაც მისი დაკვირვებით პროტესტს კი არ შეასუსტებს, პირიქით მის მუხტს გაზრდის.
„მაზოხისტური, თუ გიჟური ლოგიკა არის ამ ყველაფერში იმიტომ, რომ თუ პროტესტი არის რაღაცაზე პასუხი და პროტესტი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაცას აშავებს ხელისუფლება, უნდა ვიქონიოთ იმის იმედი, რომ მეტს და მეტს დააშავებენ, იმედის გარდა, ეს ავტორიტარული რეჟიმების მოქმედების ლოგიკაცაა“ – ამბობს ბადრი ოკუჯავა.
ვარაუდობს, რომ რახან იპოზიციაში დიდი ხანია „დაგროვდა სიბინძურე“ და „უკვე აღარავინაა სუფთა“, მისი წიაღიდან „წმინდა გიორგი თუ დიმიტრი გელოვანი ვერ ამოიზრდება“, ამიტომ „ყველა უნდა იყოს მზად ტალახისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდა“ ესვრის.
„დაგვიანებულია, მაგრამ არც იმდენად, რომ აზრი არ ჰქონდეს“ – ვახუში მენაბდის საპროტესტო მოძრაობის ორი ეტაპი
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ პოლიტიკურ პროცესს დღეს სწორედ „პოლიტიკა” აკლია, რასაც ოპოზიციური პარტიების სისუსტით ხსნის. ვახუშტი მენაბდეს შეფასებით, პარტიები და პოლიტიკოსები საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილთან მუშაობენ და მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისია სხვების მისამხრობად.
„[სინამდვილეში] ეს ასე არ მუშაობს, საჭიროა, ჩვენ გვქონდეს ისეთი პარტიული სტრუქტურა ქვეყანაში და ისეთი პარტიული ლანდშაფტი, რომელიც ასახავს საზოგადოების ლანდშაფტსაც. ახლა გვაქვს პარტიები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავსა და ვიწრო ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ“.
მენაბდე საპროტესტო მოძრაობას და მის თანმდევ პროცესებს, ორ ეტაპად ხედავს:
· წინააღდეგობის დრო
· პოლიტიკის დრო
და განმატავს, რომ წინააღმდეგობის დრო ეს არის დრო, როდესაც მოქალაქეები სტიქიურად უპირისპირდებიან რეჟიმს. პოლიტიკის დრო კი არის ეტაპი, როცა თანამოაზრეობა პოლიტიკურ ერთობაში გადაიზრდება.
„წინააღმდეგობის ეტაპზე ჩვენ ეფექტურები ვართ, ჭკვიანურად ვმოქმედებთ, მაგრამ წინააღმდეგობა, რომელსაც ბრაზი და აფექტები მართავს, ნელ-ნელა კარგავს ძალას, როცა აფექტი გაივლის საჭიროა სტრუქტურები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს წინააღმდეგობის ეფექტიანობა და წინააღმდეგობა გარდავქმნათ პოლიტიკურ ერთობებში”, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.
წელს, თებერვალში ვახუშტი მენაბდემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“. მისი თქმით, ეს მოძრაობა პროტესტის წიაღში დაბადებული ერთობის მაგალითია.
მოძრაობა დაფუძნებულია სოციალური სახელმწიფოს იდეაზე. ეს სისტემა იღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე და ეფუძნება სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებს.
„ჩვენ გვინდა, გვქონდეს კითხვებზე პასუხი, ჩვენ ვეძებთ ამ კითხვებს და შეძლებისდაგვარად ვპასუხობთ. მაგალითად, რა ინსტიტუციურ გარანტიებს ვხედავთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა აღარ წავიდეს წრეზე და როგორ გარდაიქმნას ახალ დემოკრატიულ, სოციალურ, თანასწორ სახელმწიფოდ, სადაც თავისუფლებით სარგებლობა იქნება გარანტირებული ყველასთვის თანაბარ პირობებში“, – ამბობს მენაბდე.
კონსტიტუციონალისტი გაჯანსაღების პროცესიდან პოლიტიკური ჯგუფების გარიყვას არ ემხრობა. ამას გარდა, მხარს უჭერს პარტიების მეტ საჯარო მოქმედებას: „არ არის აუცილებელი მრავალათასიანი მიტინგი, გამზირების ბლოკირებისთვის საკმარისი ადამიანის შეკრება უნდა შეგეძლოს, მთავარია რაც დაგეგმე, იმას ჰქონდეს მიზანი და გადაჭრის გზები“.
კითხვაზე, დაგვიანებული ხომ არაა პოლიტიკური კლასის ასეთი მასშტაბური ცვლილება და ახალი ერთობების ლოდინი პასუხობს, რომ „დაგვიანებულია, მაგრამ არც იმდენად, რომ ახლა აზრი არ ჰქონდეს“.
„ჩვენი მიზანია პროტესტი არ იყოს დაფუძნებული ბრაზზე და იდეებს დაეფუძნოს“ – გირჩი-მეტი თავისუფლებიდან წასულები
ვახუშტი მენაბდის ეს აზრი, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ მუშაობს ბორის ჩელე ყურუასა და „გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ წამოსული კიდევ ორი ახალგაზრდა პოლიტიკოსის, ცოტნე კობერიძისა და ბადრი გრიგალაშვილის შემთხვევაშიც.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ უკვე ყოფილმა სახეებმა ახალი პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს მუშაობა.
ბადრი გრიგალაშვილი ამბობს, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს ფეხი ვერ აუწყო ოპოზიციამ, რომლის ნაწილი თავადაც იყო. საბოლოოდ კი მათი და ზურა გირჩი ჯაფარიძის გზები ერთობის იდეის გამო გაიყო, არა იმიტომ, რომ ერთობის წინააღმდეგები არიან, არამედ იმიტომ, რომ ერთობის კონცეფციას სხვადასხვანაირად ხედავდნენ.
„ზურას აზრი იყო, რომ თუ ერთად ვართ ათქვეფილები, მაშინ იყოს ერთი დიდი ერთობა, მთელი ოპოზიცია ერთ სუბიექტად გაერთიანდეს, გააერთიანოს რესურსები. ეს სცენარი პარტიებს შორის კონკურენციას გამორიცხავს, მართლა ერთნი ვიქნებით, მეორე გზა არის რომ ოპოზიცია შევიდეს კონკურენციაში და ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ განსხვავება, რომ ყველა ერთნი არ ვართ და ეს მოგვცემს შესაძლებლობას პროტესტის მონაწილეების ნდობა მოვიპოვოთ. ამბიცია გვაქვს, რომ ჩვენ აზრზე მყოფებს ვიპოვით. ჩვენი მიზანია პროტესტი არ იყოს დაფუძნებული სპონტანურ ბრაზზე და იდეებს დაეფუძნოს“, – ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.
„ვიღაცის ვიღაცის გვერდით დაჯდომა და ფოტოს გადაღება – ასეთი ერთიანობა არ გვინდა, ჩვენ გვინდა მოთხოვნებზე ერთიანობა“, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა და მიაჩნია, რომ პირველი, რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს პროტესტის დახმარებაა, დახმარება კი შეცდომების აღიარებით უნდა დაიწყოს.
„პოლიტიკურმა პარტიებმა ველზე უნდა იბრძოლონ და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თუ ველზე ვიბრძვით, არ დაგვემართება ის, რაც დაგვემართა წინა საპარლამენტო ს დროს.
არ ვიზეიმებთ [გამარჯვებას] შვიდ საათზე და მერე 11 საათზე არ ვიტყვით, რომ გაყალბდა, გამოვასწორებთ შეცდომებს და ვიქნებით კოორდინაციაში. როცა ერთობაზე საუბრობენ, უმეტესად ერთიან სიას გულისხმობენ ხოლმე და ამიტომ არ მიყვარს ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ სინამდვილეში ხმების დაცვის კუთხით, ხმების დაცვის კუთხით, საარჩევნო გარემოს სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ცვლილებების კუთხით, პარტიები ერთიანობას უნდა ასხივებდნენ ამ ნაწილში“.
გეგმა გაქვთ? – ამ კითხვას ბორის ჩელე ყურუა რიტორიკულს უწოდებს და პასუხობს:
„პროტესტი საზრდოობს და ემორჩილება არა პოლიტიკოსებს, არამედ შიგნით მოხარშული პროცესია. არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს ან გამოყვანილები სახლებში გაუშვას, შეუძლია მართოს და ის გააკეთებინოს, რაც მათ უნდათ“.
ბადრი გრიგალაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ ახლა „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ოპოზიცია წააგებს და თუ ვინმე თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ესეც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თავიდანვე წაგებულ თამი შესვლა იქნება.
„არჩევნების შემდეგ ანალიზი რომ დავიწყეთ, თუ რა შეცდომას ვუშვებთ, მე ვერ დავინახე რესურსი, რომ ამ ოპოზიციურ სპექტრს გაჯანსაღება უნდოდა. ისინი გაჯიუტდნენ შეცდომებში, გახსოვთ ურთიერთავდაუსხმელობის შეთანხმება, რაც დაეხმარა „ქართულ ოცნებას“ ერთ ქვაბში მოვეხარშეთ, ამან აკრძალა სრულად კრიტიკა და ამომრჩეველმა ვერ გაიგო, თუ ცალ-ცალკე ვიყავით, რატომ არ ვაკრიტიკებდით ერთმანეთს… ამან დააბნია ამომრჩეველი და შედეგი ვერ დავდეთ.
… დღეს პოლიტპატიმრები გვყავს, რეპრესიული კანონები გვაქვს და კრიტიკაზე თვალის დახუჭვა შეცდომა იქნება. ჩვენ ბრძოლას არავის ვუცხადებთ, საერთო ბრძოლაში ვართ“, – ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.
„გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ წასული პოლიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ ს იდეას, შეიქმნას „წინააღმდეგობის პლატფორმა“, სადაც პარტიები გადამწყვეტ პოლიტიკურ საკითხებზე საერთო პოზიციებს შეაჯერებენ. [სალომე ზურაბიშვილს] ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა აკიდეს დამატებითი პასუხისმგებლობა“, – ამბობს ბორის ჩელე ყურუა, რომელიც ფიქრობს, რომ დიპლომატი სალომე ზურაბიშვილის მოედანი საერთაშორისო სივრცეა.
მრავალფეროვან პოლიტიკურ ხედვებსა და ანალიზს წინ რამდენიმე საერთო პრობლემა ხვდება. „ქართული ოცნება“ თავისი პროპაგანდისტული მესიჯბოქსით და საკანონდებლო ბაზა, რომელიც სამოქალაქო სექტორის, კრიტიკული მედიისა და დონორების წინააღმდეგაა მიმართული.
კანონების ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაქრობა გარდაუვალია, აგენტების კანონისა და ფარას ქართული ვერსიის შემდეგ, ბოლო ლურსმანი ე.წ. გრანტების შესახებ კანონი იქნება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აძლევს უფლებას გადაწყვიტოს, ვის ექნება უცხოური დაფინანსება და ვის – არა.
ამას გარდა, გამკაცრებული ადმინისტრაციულ კოდექსი მაღალ ჯარიმებს აკისრებს დემონსტრანტებს, რაც პროტესტის მასშტაბურობაზეც აისახება.