გადაიარაღება 800 მილიარდი ევრო დაჯდება – თავდაცვის ევროპული პაკეტი

ჩვენს ირგვლივ სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. გეოპოლიტიკური ძვრები არყევს ალიანსებს. ათწლეულების წინანდელი უტყუარობა იშლება. და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სასტიკი ომი, რომელიც მძვინვარებს ჩვენს საზღვრებთან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2024-2029 წლების კომისიის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა.
„ტურბულენტური დროის მიუხედავად, ეს კომისია ეფექტურად მუშაობს. პირველივე დღიდან ჩვენ დავრჩით იმ კურსზე, რომელიც ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში და რომელიც სამ საყრდენს ეფუძნება – კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას. მანდატის მიღებიდან 100 დღის შემდეგ მხარს ვუჭერთ ევროპულ არჩევანს პოლიტიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპის გადაიარაღების გეგმამ, რომელიც არის 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის, ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა.
„მიმდინარე კვირამ ერთსულოვანი მხარდაჭერა მოუტანა ევროპის გადაიარაღების გეგმას (REARM Europe) – 800 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი თავდაცვისთვის. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს შეიძლება გახდეს ევროპის თავდაცვის კავშირის საფუძველი. მთელი ძალით წავწევთ წინ REARM Europe-ის გეგმას. მის უკან მდგომი იდეაა : ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სრული პოტენციალი კონკრეტული საფრთხეების წინაშე და თუ შევძლებთ გავერთიანდეთ სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია ან კანადა, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
წყარო: ipn.ge