თბილისში კულტურის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს მსახიობებმა და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებმა, ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულ დათო დოიაშვილს.
ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებს, მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და მოითხოვნენ მინისტრთან თინათინ რუხაძესთან შესახვედრად შენობაში შესვლას ან თავად რუხაძის მათთან შესახვედრად გამოსვლას.
სამინისტროს შენობის წინ პოლიციელები იყვნენ ჩამწკრივებული. მათ სამინისტროს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს ანდრო ჭიჭინაძის დედას ლიკა გუნცაძეს.
აქცია დღის 15:00 საათზე დაიწყო. თინათინ რუხაძესთან შეხვედრის მოთხოვნის წამოყენებიდან დაახლოებით სამ საათში მსახიობმა და რეჟისორმა დათა თავაძემ განაცხადა, რომ თუ 15 წუთში არ იქნებოდა პასუხი, შეხვედრასთან დაკავშირებით, ჩათვლიდნენ, “რომ ამ ხალხს კიდევ ერთხელ შეეშინდა თვალი გაუსწოროს ამ სფეროს ხალხს, ჩვენს შეკითხვებს ისინი ვერ პასუხობენ, როგორც ჩანს და გააგრძელებენ საზოგადოების მოტყუებას, რის საშუალებასაც ჩვენ არ მივცემთ, ყველგან ვამხელთ”.
ამასთან დათა თავაძემ გამოაცხადა, რომ მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ, რომელიც პატიმრობაშია პროდასავლურ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ხმოვანი შეტყობინება გამოგზავნა, რომლის ფრაგმენტიც წაიკითხეს. ის რუხაძეს მიმართავდა.
“რა დღეში ჩაგიგდია თავი, სავარაუდოდ, ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება, რამეს რომ არ გახსენებთ, ისევ ჩვენი ისტორიიდან? დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება, იმიტომ რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია. ისე, წესით, ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ, გახსენებთ – გელათი გენგრევათ, ხუთი წელია ვერ გადახურეთ და მხოლოდ თქვენი ბრალია რაც გელათს სჭირს, სვეტიცხოველში ტაშტების შეყუდების მეტს ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ, რისთვის იცლით? უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის”.
საპროტესტო აქციის დასასრულს რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ გადაწყვიტეს, შექმნან თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა.
“რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, შექმნის ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ ზუსტად ისე, როგორც ქართული თეატრი გამოაგდეთ ქუჩაში, ახლა, ის ქუჩაში გამოიყვანს საკუთარ მაყურებელს”.
16 აპრილს გახდა ცნობილი, რომ დათო დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საფუძვლით, რომ „ვალდებულებას არ ასრულებდა“, “სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო“.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი საპროტესტო ტალღაშია ჩართული თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების გამო – მსახიობი პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა, მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი
