„გადავწყვიტეთ, ტრადიციული სათხილამურო შეჯიბრებების ორგანიზებაზე გადავიდეთ“ – ზურაბ კოსტავა ბაკურიანის ფრისტაილის ჩემპიონატის გაუქმებაზე

ბაკურიანში 20-21 დეკემბერს დაგეგმილი ფრისტაილის მსოფლიო თასის ჩემპიონატი(მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში) გაუქმდა.

FIS-ის ინფორმაციით, მიზეზი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხრიდან ღონისძიების ჩატარებაზე უარი გახდა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად კოსტავას განმარტებით, საერთაშორისო ფედერაციის მარკეტინგული წესდების ცვლილებისა და პროექტის სრული რეალიზების შემდეგ, ფედერაცია იმ სათხილამურო შეჯიბრებების ორგანიზებაზე გადავიდა, რომლებშიც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ.
რაც შეეხება ბაკურიანის, როგორც ზამთრის სპორტული ტურიზმის ცენტრის პოპულარიზაციას, კოსტავა აღნიშნავს, რომ აქამდე ჩატარებულმა ტურნირებმა შედეგი გამოიღო და კურორტი უკვე მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
„2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდა, რომ ცნობადობის ასამაღლებლად მხოლოდ რამდენიმე შეჯიბრება დაგვეტოვებინა.
ჩვენ სპორტის აღნიშნულ სახეობაში სპორტსმენი არ გვყავს და კურორტებთან ერთად საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ რამდენიმე შეჯიბრებას მასპინძლობდა.
წელს საერთაშორისო ფედერაციის მარკეტინგული წესდება შეიცვალა და პრობლემები შეიქმნა, ასე ვთქვათ, ამოიწურასავით ეს პროექტი. ცნობადობა ამაღლდა, მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო და გადავწყვიტეთ, რომ უკვე გადავიდეთ ტრადიციულ სათხილამურო შეჯიბრებების ორგანიზებაზე.
საერთაშორისო ფედერაცია ოთხ სახეობას აერთიანებს: ტრამპლინიდან ხტომა, კლასიკური სტილი, სწრაფი დაშვება და ფრისტაილი.
წელს რადგან მოკლე სეზონია, ოლიმპიური წელია და 1 თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირები ზამთრის სახეობებში წყდება, შეიძლება ვერ მოვასწროთ, მაგრამ მომავალ წელს გვინდა, რომ სლალომი და გიგანტურ სლალომში შეჯიბრებებს ვუმასპინძლოთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, გადავედით სპორტის იმ სახეობის შეჯიბრებების ჩატარებაზე, რომლებშიც ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას“,- აღნიშნა სათხილამურო ფედარაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ „კომერსანტთან” ინტერვიუში.