სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი წლის შემდეგ „რეპრესიების ახალი ტალღაა დაწყებული“.
„დაწყებულია რეპრესიების ახალი ტალღა – დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
„ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც ხმარობს ყველა საშუალებას, რაც ახასიათებდა თავის დროზე – და დღესაც ახასიათებს – რუსულ, პუტინის რეჟიმს“, – ამბობს ის.
მისი თქმით, ამის მაგალითია აბუ-დაბიში მოქალაქეზე თავდასხმა დეპუტატების მხრიდან და ბათუმში ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა.
„ამის ერთი მაგალითია, რაც მოხდა აბუ-დაბიში ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, გააჩნიათ მოთმინების ვალდებულება. მაგრამ არ ჩანს ეს მოთმინება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
„პირიქით, როგორც ჩანს, დეპუტატები არიან პირდაპირ – ინსტრუქციები აქვთ მიღებული თუ მათი ნებით ხდება, არ ვიცი – გამოყენებულნი ამ ძალადობაში, რაც არის სრულიად გაუგებარი ჩვეულებრივი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და მხოლოდ იმ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს“, – ამბობს იგი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
„ასევე, ის რაც მოხდა ამ ღამეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ, გიორგი გახარიას მიმართ, არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველას ეხება ეს. არ შეიძლება არავის მიმართ ძალადობა. ასეთი მცდელობა, საზოგადოება დააშინო, მიუღებელია“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, ამ ფაქტების შესახებ ინფორმაციას გააცნობენ საერთაშორისო საზოგადოებასა და პარტნიორებს: „არ შეიძლება ეს დავუშვათ“.
„დღეს სწორედ ისე დაემთხვა, რომ დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა და სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება არის შემართებით და იცის, რა უნდა და რა არ უნდა. საქართველო არ დათანხმდება იმაზე, რომ ბოლომდე გადაიქცეს რუსულ რეჟიმად. ამისთვის საქართველო იბრძვის. იბრძვის მშვიდობიანად“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე მიმართა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს:
„მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს: ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირებისა, – ყოველ შემთხვევაში, ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, – არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არის რეჟიმი ერთ მხარეს და საზოგადოება მეორე მხარეს. არსებობს საზოგადოება და ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ეს დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, ვინც თავის თავს ნებას აძლევენ, გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს“.
მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საზოგადოების დიდი ნაწილის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოთხი პოლიტიკური პარტიის მსგავსად, 2024 წლის არჩევნების შედეგებს, მთავრობასა და მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
14 იანვარს, გვიან ღამით, თვითმხილველების თქმით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას. ინციდენტები გარკვეული შუალედით მოხდა.
წინა დღეს, 13 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე, საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს დაესხნენ თავს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში 14 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე.