„გადავაჭარბეთ ადგილების იმ რაოდენობას, რაც სტუდენტებისთვის გვაქვს და ყველა პროგრამაზე არის კონკურსი“ – კოლეჯ „პრესტიჟის“ დირექტორი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად, თელავში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებზე კოლეჯ „პრესტიჟის“ დირექტორმა კოტე დოლიძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, კოლეჯში საგაზაფხულო მიღება გამოცხადებული იყო 6 პროგრამაზე. ესენია: ინფორმაციული მხარდაჭერის პროგრამა, თმის მომსახურება, ელექტრობა, სატყეო საქმე, მხატვრული ქსოვა, კომპიუტერული ქსელი და სისტემები.
„ჩვენი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვახორციელებთ 12 პროგრამას, ხოლო გაზაფხულზე გამოვაცხადეთ 6 პროგრამაზე მიღება.
ჩვენ, ფაქტობრივად, გადავაჭარბეთ ადგილების იმ რაოდენობას, რაც სტუდენტებისთვის გვაქვს და ყველა პროგრამაზე არის კონკურსი. სამწუხაროდ, პროგრამაზე – კომპიუტერული ქსელი და სისტემები, შემოვიდა მხოლოდ 6 განაცხადი. ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ჯერ 9 კლასი არ აქვთ დამთავრებული მოსწავლეებს. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული პროგრამა შევაჩეროთ და მიღება სექტემბრიდან გამოვაცხადოთ“, – აღნიშნა კოტე დოლიძემ.
როგორც მან განმარტა, კოლეჯ „პრესტიჟი“ 2028 წელს, 3 ტექნიკური განათლების ცენტრის შეერთების საფუძველზე დაფუძნდა და მას ისტორიულად გადმოჰყვა გარკვეული პროგრამები. ასეთია მაგალითად – დეკორატიული ქსოვა.
„ჩვენი კოლეჯი ახორციელებს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა მშენებლობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, სახელოვნებო.ასევე ჩვენთან მიმდინარეობს სახელოსნოების მშენებლობა, რათა განვახორციელოთ კიდევ სხვა პროგრამები. მაგალითად შედუღება, თიხის დამუშავება“, – აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა.
მისი თქმით, კოლეჯში ასევე არის დუალური პროგრამა, რომელიც არის მევენახეობა-მეღვინეობა.
„აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის, კახეთში არსებულ ყველაზე მსხვილ კომპანიებთან გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმები. ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ირჩევიან მათთან ერთად, 4 დღის განმავლობაში არიან საწარმოში და იქ გადიან პრაქტიკულ სწავლებას, ხოლო დანარჩენ დღეებში არიან აუდიტორიებში“, – განაცხადა კოტე დოლიძემ.
როგორც მან განმარტა, კოლეჯი „პრესტიჟი“ „ერასმუსის“ პროგრამის წყალობით, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, პოლონეთთან და გერმანიასთან, მოსწავლეების პრაქტიკებისა და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.