პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი გადადგომის მიზეზი არა ნიკა მელიას დაკავების საკითხი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ჩარევა იყო.
წულუკიანის კომისიაზე გახარიამ განაცხადა, რომ ის ეთანხმებოდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, ისევე როგორც მის დაკავებას, თუმცა არა იმ ფორმით, რომ შემდეგ ამნისტია გამხდარიყო საჭირო.
გახარიას თქმით, ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისში შესვლისთვის საპოლიციო ძალების მომზადება დაწყებული იყო, დაინახა შეჯახების სერიოზული რისკი და როცა „რაღაც მომენტში“ გაუჩნდა აზრი, რომ გამთენიისაც კი არა, შემდგომ დღეებში დაეკავებინა მელია. დაუკავშირდა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს და შესთავაზა დილით 08:00 საათზე სხდომის ჩანიშვნა. გახარიას თქმით, ბევრი დეპუტატი მის აზრზე იყო, თუმცა მერე „ეს ხალხი გაქრა“.
„გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას და გუნდს დაჰპირდა, რომ სრულად და სამუდამოდ მიდიოდა პოლიტიკიდან, სრულად შემოვიდა პროცესში და მართა პროცესი ისე , რომ თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა“, — განაცხადა გახარიამ.
თეა წულუკიანი დაინტერესდა, რატომ „ითრევდა ფეხს“ გახარია მელიას დაკავებაზე და დაინტერესდა, მის გადაწყვეტილებაზე ხომ არ მოუხდენია გავლენა ელჩს, რომელსაც თითქოსდა ის უნდა შეხვედროდა. კერძოდ, წულუკიანი დაინერესდა, შეხვდა თუ არა დიპლომატებს გახარია მელიასთვსი იმუნიტეტის მოხსნისა და პრემიერის გადაგომის შორის შუალედში.
გახარიამ უპასუხა, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა არავის მოუხდენია, რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ მაშინ შეეშინდა.
„თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: ახლა გაჩუმდითო რა, მიაყენეთ ერთი ადგილიო და რაც არის გასაკეთებელი, გააკეთეთო. ამის შეგეშინდათ, მეტი არაფრის. ამიტომ გადავდექი, თორემ თქვენი უმრავლესობა ჩემს პოზიციაზე იყო და მეთანხმებოდით“, — განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, ზუსტად იცის, რომ ივანიშვილმა დაურეკა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, და რაღაც მომენტში პოლიტსაბჭოს მოწვევაც ყველამ გადაიფიქრა.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნიკა მელიას იმ ღამით და იმ ფორმით დაკავების მოწინააღმდეგე იყო მათ შორის თეა წულუკიანიც, რაც წულუკიანმა უარყო.
თეა წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, ვინ გაიყვანა იგი ოპოზიციაში და დააპირისპირა „ქართული ოცნების“ გუნდთან?
„ივანიშვილმა“ — უპასუხა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის არ ეთანხმებოდა მელიას დაპატიმრებას, თუ ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნიდა.
წინა დღეს, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმავე საღამოს ნიკა მელია და ოპოზიციის ლიდერები ენმ-ის სათავო ოფისში შეიკრიბნენ. ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემდნენ.
დღეს კომისიის სხდომაზე წულუკიანის კითხვების საპასუხოდ გიორგი გახარიამ თქვა, რომ მათ შორის ელჩებს შეხვდა, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებთან. ან დეზინფორმაცია უწოდა წულუკიანის მოსაზრებას, რომ რომელიმე დიპლომატმა ურჩია მელიას დაკავებაზე უარის თქმა და უბიძგა მას ოპოზიციას გადასვლა.
„რომც ერჩია, მე ყოველთვის ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია, ბოდიშით და ყოველთვის ფეხებზე მეკიდა, იმიტომ რომ ჩემს გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა-არდარღვევა იყო ბევრი მნიშვნელოვანი“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.
