თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას.
“დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები.
“გვაქვს მყარი მოთხოვნა – გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი! ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში თავისუფალი სიტყვა ჟღერდეს. სტუდენტების ერთიანობა კი ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს, რომლებიც რეპრესიულმა რეჟიმმა უკანონოდ დააკავა.
ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის სახელმწიფო თეატრის გაფიცულ რეჟისორებისა და მსახიობებს.
ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას”, – აცხადებენ სტუდენტები.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა თავდაპირველად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და სტუდენტებს გამოუცხადეს სოლიდარობა და მათი უნივერსიტეტის რექტორს განცხადების გავრცელება მოსთხოვეს. ამჟამად, მათი პროტესტის მე-13 დღეს ისინი რექტორის გადადგომასაც ითხოვენ.