გაგლოევი: „სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლა „ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია“

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთისთვის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება არის ერთ-ერთი შესაძლო და ყველაზე პერსპექტიული ვარიანტი”, – ამის შესახებ გაგლოევმა რუსულ გამოცემა “იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა.
„ამჟამად მიმდინარეობს ბელარუსთან ურთიერთობების დამყარების სამუშაო, ჯერჯერობით საუბარია კონტაქტების დამყარებაზე ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტის მიმართულებით და ა.შ. სამომავლოდ ჩვენ ველით უფრო მჭიდრო ურთიერთქმედებას ბელარუსის რესპუბლიკასთან“, – განაცხადა მან.
რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეას 1999 წელს ჩაეყარა საფუძველი. იგი 2019 წლიდან ეტაპობრივად, ახლებურად გააქტიურდა. 2021 წლის ნოემბერში ლუკაშენკამ და პუტინმა ხელი მოაწერეს სამოკავშირეო სახელმწიფოს დეკრეტს და შეათანხმეს ინტეგრაციის 30-მდე პროგრამა.
“სამხრეთ ოსეთის ს შემადგენლობაში გაწევრიანებასთან” დაკავშირებული კითხვის პასუხად გაგლოევმა აღნიშნა, რომ „არსებულ მომენტში ეს თემატიკა დღის წესრიგში არ შედის“.
„რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ინტეგრაციის დონე გულისხმობს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხების ერთობლივ განხილვას…რუსეთი და სამხრეთი ოსეთი განაგრძობენ შემდგომი დაახლოების პოლიტიკას 2015 წლის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. პირობების წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც გამოიწვევს რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების საკითხის აქტუალიზაციას, ჩვენ გავმართავთ კონსულტაციებს სტრატეგიულ პარტნიორთან“, – თქვა მან.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 2022 წელს, ე.წ. ინაუგურაციის შემდეგ, შეაჩერა რეფერენდუმი „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ. რეფერენდუმი დანიშნული იყო მისი წინამორბედის, ანატოლი ბიბილოვის მიერ. მოსკოვში გაგლოევის გადაწყვეტილებას მაშინ „გონივრული“ უწოდეს.
თბილისთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის პასუხად, გაგლოევი აცხადებს, რომ საქართველო 15 წელია არ ასრულებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას.
„გარდა ამისა, საქართველოში კვლავინდებურად მოქმედებს ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლითაც საქართველოს მხრიდან ფაქტობრივად ბლოკადაშია სამხრეთი ოსეთი და . საქართველო დასავლეთის ქვეყნების დახმარებით განაგრძობს ძალისხმევას ჩვენი რესპუბლიკების საერთაშორისო იზოლაციისთვის. საქართველოს მხრიდან მიდგომები ხელს არ უწყობს ჩვენს სახელმწიფოებთან ურთიერთობის დადებითი ატმოსფეროს შექმნას. ამის ნაცვლად, ჩვენი მისამართით ისმის მოწოდებები საქართველოსთან ერთად 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. სამხრეთი ოსეთი დიდი ხანია და შეუქცევადად ჩამოყალიბდა მეგობრებისა და მოკავშირეების არჩევანში. ჩვენი გზა რუსეთთან ინტეგრაციაა“, – თქვა მან.
გაგლოევმა საქართველოში „შიდაპოლიტიკურ კრიზისზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ „ამ პროცესებში ჩართული და რეგულარულად აგრესიული ნაციონალური ლოზუნგებით მოქმედი მრავალრიცხოვანი რადიკალური ჯგუფები არ შეიძლება არ იწვევდეს სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში ღელვას“.
გარდა ამისა, გაგლოევმა განაცხადა ლათინურ ამერიკაში სამხრეთ ოსეთის აღიარების „გარკვეული პერსპექტივების“ თაობაზე, მისი სიტყვებით,„ვენესუელასა და ნიკარაგუაში მეგობრები მზად არიან რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან კავშირების დამყარებაში დახმარებაში“.
საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ორი დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.

ასევე დაგაინტერესებთ